აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება – რომ უკრაინა, სავარაუდოდ, არ გახდება ნატოს წევრი, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიების ომის დროს – არ წარმოადგენს ამ საკითხზე ვაშინგტონის პოზიციის ცვლილებას ალიანსის მნიშვნელოვანი სამიტის წინ, უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენიანმა დიპლომატმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას.
ამერიკულმა ჟურნალმა, Time-მა 28 მაისს გამოაქვეყნა ბაიდენთან ინტერვიუ, რომლის თანახმადაც ის თითქოს აღარ უჭერს მხარს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას – რაც ცვლილებაა ვაშინგტონის და საკუთრივ ალიანსის მხრიდან უწინ გამოცხადებული მიზნებისა.
მაგრამ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა რადიო თავისუფლებას 11 ივნისს, სომხეთში ვიზიტისას უთხრა, რომ ბაიდენის განცხადებების მნიშვნელობის “ინტერპრეტაციები შორს წავიდა” და ვაშინგტონი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მიზნის ერთგული რჩება.