“ჰეზბოლამ” ისრაელს რაკეტებით შეუტია

12 ივნისს, ლიბანში მოქმედმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” ს მიმართულებით რაკეტების მთელი სერია გაისროლა. ეს იყო პასუხი ისრაელის თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც დაჯგუფების საველე მეთაური მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით, ისრაელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დღით ადრე მოკლეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი ცნობილი მეთაური თალიბ აბდულა, რომელსაც აბუ თალიბის სახელით იცნობდნენ. მასთან ერთად, ლიბანის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მომხდარ თავდასხმაში, დაჯგუფების კიდევ სამი მებრძოლია მოკლული.
საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ აბუ თალიბი “ჰეზბოლაში” ყველაზე სახელგანთქმული და მაღალი ჩინის მქონე ლიდერია, რომელიც ბოლო 8 თვის განმავლობაში მოკლეს. მას დღესვე დაკრძალავენ.
ლიბან-ისრაელის საზღვარზე ამ ახალმა ესკალაციამ მეზობელ ქვეყნებს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში, ვითარება მკვეთრად გაამწვავა და რეგიონში კონფლიქტის გაფართოებაზე არსებული შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა. “ჰეზბოლა” მხარს უჭერს ღაზის სექტორში მოქმედ “ჰამასს”, რომელსაც ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ომი გამოუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე დაჯგუფებას ირანი ეხმარება, თუმცა ოფიციალური თეირანი ამას უარყოფს.
ომი ღაზის სექტორში 7 ოქტომბრის თავდასხმის პასუხად დაიწყო და ისრაელმა თავიდანვე განაცხადა, რომ მიზნად „ჰამასის“ სრულ განადგურებას ისახავს. 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ, მოკლეს 1 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, 200-ზე მეტი ადამიანი კი მძევლად აიყვანეს. მძევალთა ნაწილი გათავისუფლებულია, არიან მოკლულებიც . მათი ნაწილი კი კვლავ ტყვეობაში რჩება.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ღაზის სექტორში 36 000-ზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება ავრცელებს, რომელთაც “ჰამასი” აკონტროლებს, თუმცა გაერო თვლის, რომ ეს ინფორმაცია სანდოა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება