თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უკანონო მშენებლობებისთვის წელს დაჯარიმებულებს, შესაძლოა ჯარიმები ჩამოეწეროთ – კანონპროექტი

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობების შემთხვევაში შესაძლოა, მოქალაქეები პირდაპირ აღარ დაჯარიმდნენ და დარღვევის გამოსწორებისთვის 90 დღე მიეცეთ. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 11 იანვრიდან 1 ივლისამდე დაჯარიმებულებს, შესაძლოა, ჯარიმები ჩამოეწეროთ. შესაბამისი ცვლილება სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის დაგეგმვის კოდექსში შედის, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტში პირველი მოსმენით წარადგინა.
“ჩვენ ამ წლის 11 იანვარს მივიღეთ კანონი, რომელიც თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ჯარიმების გახუთმაგებას და გაათმაგებას ითვალისწინებს. მათ შორის მივიღეთ ისეთი ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა იმას, რომ ნებისმიერი ტიპის დარღვევაზეც, შესაძლოა, ყოფილიყო 200 000-ლარიანი ჯარიმა. გამოცდილებამ გვაჩვენა და თბილისის მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბევრი ისეთი საჯარიმო ფაქტი დაგროვდა, როცა მოქალაქეს 10 კვ.მ-მდე ფართი აქვს უკანონოდ აშენებული ან ნებართვის დარღვევით და ამის გამო, მათ, რომლებიც ცხოვრობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, უწევთ 200 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა.
აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები პირდაპირ არ დაჯარიმდნენ და მიეცემათ გაფრთხილება და 90 დღე დარღვევის გამოსწორებისთვის, გამოსწორების შემთხვევაში კი აღარ დაჯარიმდნენ.
ხოლო კანონპროექტის მეორე ნაწილია ის, რომ ვისაც 11 იანვრიდან 1 ივლისამდე მსგავსი დარღვევა აქვს, გამოსწორების შემთხვევაში, მოხდება მათი ჯარიმების ამნისტირება, ანულირება”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კანონპროექტის ინიციატორები ბექა დავითულიანთან ერთად, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე და არიან. ისინი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ, ვინაიდან როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2024 წლის 11 იანვრიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე არსებული სამშენებლო სამართალდარღვევების შემთხვევაში, საკმაოდ გაზრდილია ჯარიმის ოდენობები.
“შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ეფექტურობის და სამართლიანი ადმინისტრირების მიზნით, საჭიროა მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიეცეს მოსახლეობას შესაძლებლობა, რომ შესაბამისი სამართალდარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროულად გამოიყენოს წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული გაფრთხილების მექანიზმი, მოახდინოს შესაბამისი თანხმობი/ნებართვის აღება ან სამართალდარღვევის გამოსწორება (სამშენებლო სამართალდარღვევამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანა შენობა-ნაგებობის), და ასეთ შემთხვევაში აღარ გადაიხადოს ჯარიმა”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმების ჩამოწერის შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტს შესაძლებელია დაახლოებით 1 297 000 ლარი დააკლდეს:
“2024 წლის 11 იანვრიდან მაისამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით გამოიცა 13 დადგენილება, შესაბამისად, მხოლოდ 2024 წლის 11 იანვრიდან ამავე წლის მაისამდე არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჯარიმის ოდენობა შეადგენს – 967 000 ლარს. რაც შეეხება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევათა სტატისტიკას, 2024 წლის 11 იანვრიდან ამავე წლის მაისამდე გამოიცა 3 დადგენილება, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჯარიმების საერთო ოდენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე განხორციელებულ სამშენებლო სამართალდარღვევებთან მიმართებით შეადგენს – 330 000 ლარს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხდება დაკისრებული ჯარიმების გაუქმება, ბიუჯეტს შესაძლებელია დააკლდეს დაახლოებით 1 297 000 ლარი”, – წერია განმარტებით ბარათში.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 74 ხმით მიიღო.