Amnesty International-ის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები აქტივისტებზე ძალადობას ახალისებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას ეხმაურება.
როგორც Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშევი აცხადებს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს მათ კრიტიკოსებზე თავდასხმები.
მისი თქმით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით მსგავსი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებიდან რამდენიმე საათში მოხდა, სადაც მას ხელისუფლების წევრების მიმართ მუქარაში ადანაშაულებს.
„ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რომელიც დაუსჯელი დარჩება“, – აცხადებს დენის კრივოშევი.
Amnesty International-ის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს ძალადობის ციკლი, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ყველა ძალადობრივი თავდასხმა და უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოს გზით.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მიერ თავის მოჩვენებით, თითქოს კრიტიკა, რომელსაც ისინი აწყდებიან, ძალადობრივი ანტისახელისუფლებო შეთქმულების ნაწილია.
მათ მიერ მზარდად გამკაცრებული ზომების გამოყენება პოლიტიკური უთანხმოების საპასუხოდ არის არა თავდაცვა, არამედ თავდასხმა ადამიანის უფლებებზე და ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა.
ხელისუფლების კრიტიკა, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, არის დაცული სიტყვის თავისუფლებით და ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია გაუძლოს მაღალი დონის კრიტიკასა და დაკვირვებას“, – აცხადებს დენის კრივოშევი.
ზუკა ბერძენიშვილს, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი წევრია, 11 ივნისს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ იმ დროს, როცა სამსახურში მიდიოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ზუკა ბერძენიშვილის მეგობარმა სალომე ნიკოლეიშვილმა (ბარკერი) გაავრცელა. ის ხაზს უსვამს, რომ თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის ს მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ერთ საათში მოხდა. პაპუაშვილი პოსტში სალომე ნიკოლეიშვილს (ბარკერი) და ზუკა ბერძენიშვილსაც ახსენებს.
“სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ”, – წერს სალომე ბარკერი.
“შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა, რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა”, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე 1¹ მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ამ თავდასხმამდე დაახლოებით 1 საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით, უპირისპირდებიან პირადად და ემუქრებიან სოციალურ ქსელში. პაპუაშვილმა დაასახელა რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის – ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ნიკოლეიშვილი, და ისინი მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებად მოიხსენია. თუმცა არც ბერძენიშვილი და არც ნიკოლეიშვილი „სირცხვილიას“ წევრები წლებია აღარ არიან.
3 ივნისს ზუკა ბერძენიშვილმა ფეისბუზკე დაწერა, რომ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ და ჩაუსაფრდნენ კიდეც, თუმცა თავის დაღწევა მოახერხა. მაშინ, ბერძენიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად გურიაში, სოფელში იმყოფებოდა.
.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე