დღესდღეობით სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. თანამედროვე სამყარომ მოგვცა შესაძლებლობა, საქმე სახლიდან გაუსვლელად ვაკეთოთ.
იმის მიუხედავად, რომ დისტანციურად მუშაობას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ასევე თან ახლავს გამოწვევებიც. გარკვეულ ეტაპზე შეიძლება იგრძნოთ, რომ სახლიდან გაუსვლელობა მოგწყინდათ, სტრესული და დამღლელი გახდა. მუდმივად ერთსა და იმავე სივრცეში ყოფნა მარტივი არაა. განსაკუთრებით, მაშინ, როცა სამსახურისა და საოჯახო საქმეების კეთება ერთ გარემოში გიწევს. სივრცეების არევამ შესაძლოა გარკვეული სირთულეები გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი პრობლემები გარშემო ბევრ ადამიანს აწუხებს, გადავწყვიტეთ, დღეს ვისაუბროთ დისტანციური რეჟიმის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ხშირად თვითიზოლაციისკენ გვიბიძგებს. თუ დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა არ გიწევთ, დიდია შანსი, რომ გარეთ გამოსვლა სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც დაგეზაროთ. ასე კვირები შეიძლება გაგრძელდეს. ნაცვლად იმისა, განტვირთვისთვის გაისეირნო, მეგობრები ნახო ან კინოში წახვიდე, კვლავ სახლში ყოფნას ამჯობინებ. მსგავსი მდგომარეობა თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.
თვითიზოლაცია დისტანციური სამსახურის ერთ-ერთი რისკია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ მის თავიდან არიდებას. ადამიანებთან ურთიერთობის დანაკლისი სამსახურის მიღმა აქტივობებით შეგიძლიათ შეივსოთ. გაიჩინეთ ახალი ჰობი, გაწევრიანდით თქვენთვის საინტერესო კლუბში, ჩაერთეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ, კულტურულ ღონისძიებებში. მაქსიმალურად გამოიყენეთ შაბათ-კვირა სოციალიზაციისთვის და ეცადეთ, კვირაში რამდენჯერმე მაინც გახვიდეთ გარეთ.
დისტანციურად მუშაობისას სახლის პირობებში რთული ხდება სამსახურისა და პირადი ცხოვრების გამიჯვნა. იმ შემთხვევაშიც, თუ კონკრეტულად გაწერილი სამუშაო საათები არ გაქვთ, ეცადეთ, შეიმუშაოთ გრაფიკი, რომელსაც ყოველდღიურად მიჰყვებით. გამიჯნეთ ერთმანეთისგან სამუშაო საათები და თავისუფალი დრო. ეს თქვენს საქმიანობას მეტად პროდუქტიულს გახდის. რუტინა და დისციპლინა დაგეხმარებათ, სამსახურებრივ ვალდებულებებსა და საშინაო საქმეს შორის დრო სწორად გადაანაწილოთ.
დისტანციური სამსახური განსაკუთრებით რთული შეიძლება აღმოჩნდეს, როცა მარტო არ ცხოვრობთ. თუ გარშემო მყოფების ხმაური ხელს გიშლით, ეცადეთ, გამოყოთ კონკრეტული კუთხე, სადაც ყველას ეცოდინება, რომ მუშაობთ და უნდა მოგერიდონ. თუკი სახლში ადგილს ვერ პოულობთ და სამუშაო განწყობას ვერ იქმნით, საბედნიეროდ, დღეს არაერთი საერთო სამუშაო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და თქვენი საქმე მშვიდად აკეთოთ. საერთო სამუშაო სივრცეები კომფორტულ, კეთილმოწყობილ გარემოს გთავაზობთ. აქ ადამიანებთან კომუნიკაციასაც შეძლებთ და სამსახურისა და თავისუფალი დროის გამიჯვნაც არ გაგიჭირდებათ.
დისტანციურად მუშაობა ხშირად უმოძრაობისკენ გვიბიძგებს, რაც მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ისეირნოთ, ივარჯიშოთ ან რაიმე სპორტით დაკავდეთ. ესტუმრეთ თქვენ მახლობლად არსებულ სპორტულ დარბაზს, ირბინეთ პარკში ან იარეთ აუზზე. ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი გონებრივ განტვირთვაშიც დაგეხმარებათ, რომ არ გადაიტვირთოთ.
ერთი მხრივ, დისტანციური სამუშაო რეჟიმი დიდი უპირატესობაა, თუმცა მას არაერთი სირთულე ახლავს. იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, აუცილებელია, სახლიდან გახვიდეთ, ივარჯიშოთ, სხვადასხვა აქტივობით დაკავდეთ, მეგობრები ნახოთ და არ დაკარგოთ ადამიანებთან კომუნიკაცია. თვითიზოლაცია ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, ეცადეთ, სამსახურებრივ გარემოში სოციალიზაციის დანაკლისი სხვა სივრცეებში შეივსოთ. ამგვარად შეძლებთ სამსახურისა და თავისუფალი დროის ერთმანეთისგან გამიჯვნას.
