საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასთან დაკავშირებით საფოსტო მარკა „საქართველო ევროპაზე“ გამოიცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „საქართველოს ფოსტამ“ მარკის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა გოჩა ჯამარაულმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები. საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გოჩა ჯამარაულს საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, 26 მარტს, „დინამო არენაზე“, საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია, რითაც ისტორია დაიწერა და საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. სწორედ ამ წარმატებას მიეძღვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საფოსტო მარკა – „საქართველო ევროპაზე“. აღსანიშნავია, რომ მარკას მსოფლიო საფოსტო კავშირი მის 191 წევრ ქვეყანას გაუგზავნის, რაც ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. მარკის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მოკლე ვადებში შეიმუშავა და დაამტკიცა მარკის დიზაინი, რომელიც ეხება ისტორიულ გამარჯვებას -საქართველოს ნაკრების გასვლას ევროპის ჩემპიონატზე. აღსანიშნავია რომ მარკა შედგება ბლოკისგან, რომელიც მოიცავს 3 შინაარსს – იგი აღწერს ძირითადად იმ ემოციებს, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ გამარჯვების მომენტში ასახულ სცენებთან“ – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული მარკა 40.000-იანი ტირაჟით მიმოქცევაშია 2024 წლის 12 ივნისიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება უკვე აღნიშნული მარკით არის შესაძლებელი.
სამინისტროს ინფორმაციით, საფოსტო მარკა, გარდა მისი ძირითადი დანიშნულებისა, ასევე წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას, ამიტომაც მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. საფოსტო მარკა უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდებასა და მოთხოვნებს, მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის კულტურა და ისტორიული წარსული, მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფერო, ფლორა და ფაუნა, მიღწევები სპორტში, საშინაო და საგარეო ცხოვრების მთავარი მოვლენები და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ