ფრანგი მომღერალი და მსახიობი, ფრანსუაზ არდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი მომღერალი, მოდელი და მსახიობი ფრანსუაზ არდი 11 ივნისს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მომღერლის გარდაცვალების შესახებ მისმა შვილმა ტომას დუტრონმა გაავრცელა.
ფრანსუაზ არდი 60-იანი წლების პოპ-კულტურის საკულტო ფიგურად იქცა თავისი მელანქოლიური მუსიკის და შანსონის სტილის ბალადების წყალობით. პირველი ჰიტი, ” “Tous les Garcons et les Filles” (“All the Boys and Girls”) არდიმ 18 წლის ასაკში გამოუშვა. როგორც მოდელი, ის ასევე მუშაობდა ივ სენ ლორანთან და პაკო რაბანთან ერთად. დიზაინერმა რეი კავაკუბომ საკუთარ ბრენდს – “Comme des Garcons”-ს სახელი ფრანსუაზ არდის სიმღერიდან შეურჩია.
როგორც ცნობილია, ფრანსუაზ არდი ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ლიმფურ და ხორხის სიმსივნეს ებრძოდა. ფრანსუაზ არდი ბოლო წლებში აქტიურად უჭერდა მხარს საფრანგეთში ევთანაზიის ლეგალიზაციას და ამბობდა, რომ ადამიანებისთვის ამ უფლების შეზღუდვა არაჰუმანური იყო.