რას წარმოადგენს კოვიდის ახალი ქვეშტამი KP.2 და როდისაა მოსალოდნელი საქართველოში გავრცელების პიკი – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციები

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ქვევარიანტი. KP.2 ვრცელდება, ეგრეთ წოდებული FliRT ვარიანტებიდან ერთ-ერთი, რომელთაც მეტსახელები მათი მუტაციების მიხედვით დაერქვათ,
KP.2 გახდა დომინანტური კორონავირუსის შტამი შეერთებულ შტატებში, -ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად. FliRT-ის ამ ვარიანტებს აქვთ გარკვეული საერთო მუტაციები, მაგრამ მაინც არიან კორონავირუსების Omicron ოჯახის ნაწილი. 28 აპრილიდან 11 მაისამდე პერიოდში, ახალი შემთხვევების თითქმის 30% გამოწვეული იყო KP.2-ით. KP.2-ს სპეციფიკური სიმპტომები არ ახასიათებს და ვლინდება Covid-19 ინფექციის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებით, რომელთა შორისაა სურდო, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცხელება, ხველა და სახსრების ტკივილები. ბევრ ადამიანში Covid-19 სიმპტომების დიფერენცირება შეიძლება რთული იყოს სხვა ვირუსული ინფექციებისგან, როგორიცაა გრიპი.
რა უნდა ვიცოდეთ ახალი ვარიანტის შესახებ? მოქმედებს თუ არა ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ? როგორია მკურნალობა და რა რეკომენდაციებია სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის. საკითხის გარშემო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად „კომერსანტი“ ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა.
გიორგი ფხაკაძის თქმით, ახალი შტამი უკვე არის მთელ მსოფლიოში, გავრცელების პიკი კი ევროპასა და საქართველოში აგვისტოში იქნება.
„კოვიდი არსად არ წასულა. ახლა ჩვენ, როგორც მთელ მსოფლიოში: საქართველოში, ამერიკაში, აზიაში, ევროპაში, სინგაპურში, იაპონიაში და ა.შ. გვაქვს ეს ახალი ომიკრონის ქვე-ქვეშტამი KP.2 და მას მოსდევს KP.3 შტამიც. ამ შტამის თავისებურება არის ის, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება და სამწუხაროდ ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადეები აღარ შველის. მათ ვინც დაავადება უკვე გადაიტანა, ან აცრილია, იოლად გადააქვს, ხოლო მათთან ვინც ამ დრომდე არ აცრილა და არც გადატანილი აქვს, რთულად.
რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა მიდის იგივე მეთოდით, როგორც ეს ომიკრონის შემთხვევაში იყო, ამ შტამზე არსებული ვაქცინები ჯერჯერობით არ მუშაობს. ადამიანები, რომლებიც 70 წელს არიან გადაშორებული უნდა იყვნენ ფრთხილად და ვირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ. პანიკის საფუძველი არაა.
ვირუსის გავრცელების პიკი, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, გვექნება აგვისტოში, თუმცა განსხვავება არის ის, რომ ევროპულ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემა მომზადებული და მობილიზებულია, საქართველოში ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ამიტომ ყველამ უნდა მიხედოს თავის თავს.
მკურნალობა არის სიმპტომური. ასაკოვან ადამიანებში ვირუსისგან თავდაცვას წარმოადგენს მინიმალური კონტაქტი ადამიანებთან, ხელების ხშირი დაბანა და FFP2 ტიპის პირბადის გამოყენება.“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
ფხაკაძის თქმით, ამ შტამის მართვა არის დაავადებათა კონტროლის პრეროგატივა, თუმცა ამჟამად დაავადებათა კონტროლის ცენტრი დირექტორი გარეშეა და გადაწყვეტილების მიმღები პირი დანიშნული არაა.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორი წელია დირექტორის გარეშეა, გადაწყვეტილების მიმღები, როგორც ასეთი, არ არის, არანაირი რეკომენდაცია არ ჩანს არც ჯანდაცვის სამინისტროდან, თვითონ ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ როგორ მოიქცეს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უკვე ორი წელია აღარ აკეთებს კოვიდთან დაკავშირებულ სტატისტიკას და არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, რეაგირება არის ნული.
ჩვენ ვხედავთ, რომ შუა ზაფხულში გრიპით არის მოცული დიდიც და პატარაც, ჩვენ ვიცით ისიც, რომ ნებისმიერი გრიპი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაში გადაიზარდოს, შესაბამისად საყურადღებოა, გრიპის დროსაც კი სამედიცინო დაწესებულებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები,“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ