11 ივნისს, ბერლინში ჩატარებულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაუმჯობესებლად Patriot-ის მესამე სისტემის გადაცემას დაჰპირდა. კანცლერის თქმით, კიევი საზენიტო სისტემას მომდევნო თვეებში მიიღებს. შოლცმა ასევე მოუწოდა კონფერენციის ყველა მონაწილეს, მხარი დაუჭირონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას.
“მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას Patriot-ის მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T-ს დანადგარს, Gepard-ს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას მივაწვდით. ეს ყველაფერი უკრაინას უახლოეს კვირებსა და თვეებში გადაეცემა”. – თქვა შოლცმა.
“უკრაინა გაუყვება გზას, რომელიც თავად უკრაინელებმა აირჩიეს: დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული. სწორედ ამიტომ, დღეს ბერლინში ვმუშაობთ ძლიერი, თავისუფალი და ევროპული უკრაინის აღსადგენად. იმისათვის, რომ პუტინმა გაიგოს, რომ სამხედრო გამარჯვება და მშვიდობა მისი კარნახით არ დადგება, ძალა და მტკიცე პრინციპებია საჭირო. მან უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი კამპანია და გაიყვანოს თავისი ჯარები”. – თქვა შოლცმა ბერლინში ორდღიანი კონფერენციის გახსნაზე.