გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, ფიქსირდება ყივანახველის მკვეთრი მატებაც, ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია.
„საქართველოში, ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული იმ რაოდენობით არასოდეს არ ყოფილა, რა რაოდენობითაც ახლაა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას 14%, 16%, 18%, ბოლო კვირების განმავლობაში ასეთია გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია. ჯერჯერობით მომართვიანობაც კლინიკებშიც მაღალია, ასევე, მომართვიანობა პირველადი ჯანდაცვის კოვიდდაწესებულებებშიც მაღალია და მომართვიანობის უკან დგას უჩვეულო ვირუსები, არა რინოვირუსი, რომელიც ახლა ყველაზე მეტია, არამედ გრიპის ვირუსის არსებობა არის უჩვეულო, რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პანდემია“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ყივანახველის მკვეთრი მატებაც ფიქსირდება.
„ყივანახველის მკვეთრი მატებაა. თუ 2023 წელს ყივანახველას სულ 117 შემთხვევა იყო, 2024 წლის ბოლო მონაცემებით (ამ ეტაპზე, 11 ივნისისთვის) 687 შემთხვევა ყივანახველას გვაქვს. გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგი, პანდემიის 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა ვაქცინაციისაგან თავი შეეკავებინა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
