„მიზანია, ბაზარზე არსებული ვითარება შევაფასოთ და რეკომენდაციები გავცეთ“ – კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზარს სწავლობს

კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზარს სწავლობს. დაწყებულია მონიტორინგი, რომელიც სექტორში შესვლის ბარიერებსა და დანახარჯების საკითხს იკვლევს. კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ მონიტორინგი გამოავლენს სექტორში პრობლემურ საკითხებს და საჭირო გახდება თუ არა სექტორის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. საუბარია რეგულაციებზე, რომელთა შემუშავება მთავრობამ ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, BMGTV-ის გადაცემა “საქმის კურსში” განმარტა, კონკრეტულად რას შეისწავლის სააგენტო.
„სააგენტომ უნდა შეისწავლოს, ბაზარზე არსებული დინამიკა, არსებული პოზიციები სხვადასხვა FMCG სუბიექტების და ასევე ის პრობლემური საკითხები, რაც მუდმივად ისმის. ბაზარზე ჩნდება პრობლემა როცა გარკვეული დომინანტური სტატუსის მქონე კომპანიები არიან. ჩვენ დომინანტად ვთვლით თუ 1 სუბიექტს [ბაზრის] 40%-ზე მეტი უჭირავს.
ჩვენი მიზანია, საკითხებს, რომელიც ორივე მხარიდან ისმის, თავი მოვუყაროთ, ჩვენი გადასახედიდან ბაზარზე არსებული ვითარება შევაფასოთ და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციები გავცეთ. ასევე, შეიძლება იყოს საკანონმდებლო წინადადებები და რეკომენდაციები, თუმცა იმ დაშვებით, რომ ამ ბაზარზე ჩვენ დღევანდელი მოცემულობით, არ ვთვლით რომ რომელიმე დომინანტია ან ჯგუფურ დომინირებას აქვს ადგილი, ეს ვერ იქნება არგუმენტი რომ პირობითად, დომინირების არასათანადო გამოყენების კუთხით რაიმეზე ვიფიქროთ, აქ უბრალოდ საუბარია, რადგანაც პრობლემატიკა არსებობს“, – განაცხადა მან.
კითხვას, რეკომენდაციები მხოლოდ სააგენტოს პოზიციიდან გამომდინარე იქნება თუ ბაზრის მოთამაშეებიც იქნებიან ჩართულები? ირაკლი ლექვინაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
“მათი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია რაიმე ხარისხიანი ან შედეგიანი ბაზრის შეფასება განვახორციელოთ. თუ ვინმეს ჰგონია რომ კონკურენციის სააგენტო თავის მოსაზრებებს დაწერს, ასე არ იქნება, მხარეებთან აქტიურად ჩართული კონსულტაციების შედეგად პროცესს შეაფასებს”, – განაცხადა ლექვინაძემ.
რაც შეეხება ვადებს, მისი თქმით, მსგავსი ტიპის მონიტორინგისთვის, საშუალოდ, 1-წლიანი პერიოდია, თუმცა საკითხების სირთულეს გააჩნია.