დაშინება, მოსყიდვა – როგორ იმარჯვებს ცხინვალის კანდიდატი ახალგორში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი
გაქცეულების მოსყიდვა, დარჩენილების დაშინება – სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ახალ საარჩევნო ტექნიკებს ეუფლება.
სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] ლენინგორის [ახალგორი – რედ.] რაიონში წეროვანსა და თბილისში მცხოვრებ დევნილებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა იმ პირობით მიენიჭათ, რომ ისინი 9 ივნისს მე-16 ერთმანდატიანი ოლქის (ოლქის აღმოსავლეთი ნაწილი) საარჩევნო უბნებზე მივიდოდნენ და ხმას მისცემდნენ მმართველი პარტია “ნიხასს” და მის მაჟორიტარ კანდიდატს ზაზა დრიაევს.
ზაზა დრიაევმა წინასწარი შედეგებით 787 ხმა მიიღო და გაიმარჯვა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეს შეთავაზება 500-დან 800-მდე დევნილმა მიიღო. მათ შორის დიდი მოთხოვნაა “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობაზე” – ეს არის შესაძლებლობა, მიიღონ სოციალური შეღავათები ორი იურისდიქციისგან – ქართული და სამხრეთ ოსური მხარეებისგან.
ადამიანებმა ისწავლეს მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში ცხოვრება და თითოეული მხარისგან სარგებლის მიღება. საქართველოში ისინი დევნილთა სიაში არიან შეყვანილი, თბილისის გარეუბანში მათ აუშენეს სახლები, სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შეღავათებს, პენსიებს და ა.შ.
ამავდროულად, თუ მათ აქვთ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, შეუძლიათ მიიღონ პენსიები და დასაქმდნენ რესპუბლიკის [ დე ფაქტო] ტერიტორიაზე. ადგილობრივი აქტივისტების დაკვირვებით, ლენინგორელი ოფიციალური პირების დაახლოებით სამ მეოთხედს აქვს “რუსული ოკუპაციის შედეგად მიღებული დევნილის” სტატუსი.
მათგან ყველაზე “წარმატებულები”,ზემდგომი ორგანოების ანაზღაურების პირობებით, სამ-ოთხ მაღალბიუჯეტიან თანამდებობას იკავებენ. ამ ანაზღაურებით, ზოგიერთი შვილებისთვის თბილისის პრესტიჟულ უბნებში ბინებსაც ყიდულობს.
სრულიად გასაგებია, რომ წინადადებამ “პასპორტი ხმის სანაცვლოდ” ხმაურით ჩაიარა.
პასპორტების დარიგება საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, დაახლოებით, ორი თვით ადრე დაიწყო. ამ კამპანიის წყალობით, რაიონში ამომრჩეველთა რაოდენობა 2019 წელს 670-დან 2024 წლის აპრილის მონაცემებით 1120 ადამიანამდე გაიზარდა, ანუ თითქმის, გაორმაგდა.
თუ ახლად შეძენილი ამომრჩევლების ნახევარი მაინც შეასრულებს დაპირებას, მაშინ ეს საკმარისზე მეტი იქნება გამარჯვებისთვის. 2019 წელს ზაზა დრიაევმა დაახლოებით ორას ორმოცდაათი ხმით გაიმარჯვა, ოცი ხმით დაამარცხა კონკურენტი სპარტაკ დრიაევი.
პასპორტების განაწილების საკითხზე რაიონის აღმოსავლეთ ნაწილის მუდმივ მცხოვრებლებს ამბივალენტური შეხედულებები აქვთ. უხარიათ, როდესაც ოჯახის ერთ-ერთი წევრი იღებს პასპორტს, მაგრამ არჩევნებში მათი მონაწილეობა ლენინგორელებს აღიზიანებს, რადგან წეროვანის მცხოვრებლებს არ აინტერესებთ, ვის მისცემენ ხმას. ისინი ადვილად დებენ გარიგებებს, უგულებელყოფენ ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებს. “ხმას მისცემენ და წავლენ წეროვანში, ჩვენ კი მათი არჩევანის შედეგი უნდა ვიმკათ,” – ამბობენ უკმაყოფილო ლენინგორელები.
კენჭისყრის დღეს “რაზდახანის” გამშვები პუნქტი ღია იყო. ეს ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წესებს, რომელიც ხურავს საზღვარს მნიშვნელოვანი მოვლენების დღეებში, იქნება ეს სასწავლო წლის დასაწყისი თუ სახალხო დღესასწაულები. განცხადებებში მითითებულია, რომ საზღვარი იკეტება საქართველოს მხრიდან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. “ქართველი პროვოკატორების” “ამჟამინდელი სიმშვიდე” იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია წეროვანიდან ამომრჩევლების ჩამოსვლით.
იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსეთის ახლადგამომცხვარ მოქალაქეებს რაიმე მიზეზით არ სურთ შეთანხმების ნაწილის შესრულება, დრიაევის შტაბის აქტივისტებმა ადგილობრივი რადიოთი სპეციალური გაფრთხილება გაავრცელეს: მათ, ვის პასპორტსაც საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი არ ექნება (კენჭისყრამდე დადებული), სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევათ.
საფრთხე შესაძლოა რეალობად იქცეს, რადგან საქართველოსთან ორმაგი მოქალაქეობა რესპუბლიკაში კანონით აკრძალულია. სამხრეთ ოსეთის პასპორტის განმცხადებელმა უნდა დაწეროს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის წერილობითი განცხადება და მას დაურთოს საქართველოს მოქალაქეობის დამადატურებელი პირადობის მოწმობა. რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს ამ ნაბიჯის გადადგმას. ეს პროცედურა არის ფარსი მისი სრული მნიშვნელობით.
განმცხადებელი ჯერ წერს განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პასპორტის დაკარგვის შესახებ და იღებს ახალ მოწმობას ვითომ დაკარგული პასპორტის შესაცვლელად. ის “დაკარგულ” საბუთს ურთავს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის თაობაზე განცხადებას, როგორც საქართველოს მოქალაქეობაზე გადამწყვეტი უარის მტკიცებულებას.
სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა საქართველოს -ს მიმართოს განცხადების ავთენტურობის გადამოწმების მიზნით, თუმცა მათ ყველაფერი მშვენივრად ესმით. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთის КГБ რეგიონის მცხოვრებლებს არ აძლევს საშვებს საქართველოში წასასვლელად, თუ არ დარწმუნდება, რომ მათ ქართული პასპორტი არ აქვთ.
საქართველოს მოქალაქეების “ექსპოზიცია” შერჩევითი ხასიათს ატარებს. სამოქალაქო აქტივისტმა თამარ, რომელიც ხელისუფლებას კორუფციასა და რაიონულ ბიუროკრატიას თვითნებობაში ამხელდა, ხუთი წელი გაატარა გამოძიებასა და სასამართლოში სამხრეთ ოსეთის პასპორტის უკანონოდ აღების ბრალდებით.
“განვითარების პარტიის” ლიდერს, ალბერტ ვალიევს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა იმ საბაბით, რომ მას თითქოს შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა.
მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა და წერილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ მტკიცებულების სახით წარუდგინა შვეიცარიის საელჩოს. მაშინ სასამართლომ მისი მართებულობა აღიარა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მაინც არ მისცეს. ვალიევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება კვლავ იგივე მიზეზით აეკრძალა – საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო.
აქედან გამომდინარეობს, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ლოიალურია საქართველოს მოქალაქეობის მიმართ, ოღონდ მანამ, სანამ სიმშვიდის დამრღვევების წინააღმდეგ სიმკაცრეა გამოსაჩენი.
ლენინგორის [ახალგორი] ოლქი გამოირჩევა მაღალი საარჩევნო აქტივობით. თუ სხვა ადგილებში საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა ძლივს აღწევს საჭირო მინიმუმს, მე-16 საარჩევნო ოლქში ის მუდმივად აჭარბებს 90%-ს.
ადგილობრივი დამკვირვებლების თქმით, ამის მიზეზი ამ ტერიტორიაზე არსებული მოსაწყენი ცხოვრებაა. ადგილობრივი საზოგადოება აშკარად არ არის განებივრებული კულტურული ღონისძიებებით და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობებით. ამიტომ, ადამიანები იყენებენ ნებისმიერ საბაბს, რომ როგორმე სინათლე შემატონ საკუთარ ერთფეროვან ყოველდღიურობას.
ამასთან, დღესასწაულებისადმი ლტოლვა საფრთხეს უქმნის ხელისუფლების კანდიდატს. ზაზა დრიაევი უკიდურესად არაპოპულარულია ლენინგორის მცხოვრებლებს შორის – “ნაძირალა” და ხალხის მიმართ გულგრილი ადამიანის სახელს ატარებს.
დეპუტატობის 5 წლის განმავლობაში დრიაევს არ გაუმართავს არც ერთი შეხვედრა ამომრჩევლებთან, მის პრაქტიკაში არც ერთი მიღება არ ყოფილა. დახურული “რაზდახანის” გავლით თბილისის კლინიკებში მძიმე ავადმყოფების გამგზავრების ორგანიზების თხოვნას ყურადღება არ მიაქცია. რეგიონის მცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მის უფლებამოსილებაში შედიოდა, რადგან ანატოლი ბიბილოვის ხელმძღვანელობის დროს, როდესაც საქართველოს საზღვარი იკეტებოდა, გამონაკლისი იყო დაშვებული დეპუტატებისთვისა და თანამდებობის პირებისთვის.
რაიონში ცნობილი ამბავია, როდესაც მან სოფლის მკვიდრს 76 კილოგრამი სახლის ყველი წაართვა, რომ სამსახურში მიეღო მედიკოსთა პუნქტში. სხვა დროს, სოფლის საკრებულოს თავმჯდომარეს ხბო წაართვა და ა.შ. რეგიონში გადაწყვეტილების მიმღები მოადგილის გამოძალვების შესახებ ლეგენდები დადის. ამის შესახებ მას თავადაც უყვარს სუფრასთან ტრაბახი სიმთვრალეში, თუ როგორ მოატყუა კიდევ ერთი ადამიანი.
ზაზა დრიაევი ლობირებდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს და ადგილობრივებისთვის სიძულვილის ობიექტისა და გამომძალველის, საქართველოში უვადო თავისუფლების აღკვეთით ბრალდებულის, დავით გურწიევის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნებას.
არჩევნებში დრიაევის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, მისი ოლქის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა ოთხ კანდიდატს. მათ შორის არის რაიონის ყოფილი უფროსი ილარიონ გაგიევი, რომელიც სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი ხელმისაწვდომობითა და სიმპათიით.
არჩევნებიდან მოხსნეს ვალერი პუხაევიც, რომელიც 2009-2012 წლებში საოლქო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის სამხრეთ ოსეთისთვის იშვიათი ფენომენი იყო – ხალხი ენდობოდა პოლიციის უფროსს. მასთან რჩევისთვის მიდიოდნენ ლენინგორის მცხოვრებლები, რომლებიც ახალ რეალობაში ჯერ კიდევ ცუდად ორიენტირდებოდნენ.
რეგისტრაციაზე უარი განუცხადეს ლენინგორის სოფლის საბჭოს ხელმძღვანელს ალექსანდრე თიგიევს, რომელიც კეთილგანწყობილია, უანგარო და თანამემამულეების პატივისცემით სარგებლობს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს დმენისის კულტურის ცენტრის თანამშრომელს, იბრაჰიმ იკაევსაც კი, რომლის შემოსავლის წყაროც ქორწილებში სიმღერაა.
ზაზა დრიაევის გარდა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება რეგიონში კიდევ ორ ნაკლებად ცნობილ კანდიდატს მიეცა: საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს იულია ბაბუციძეს და ცხინვალის რაიონის სოფელ გრომის სკოლის დირექტორს დავით კუსრაევს.
თუმცა დრიაევისთვის ასეთ კომფორტულ გარემოშიც კი, ხელისუფლებას მოუწია ზომების მიღება, რომ ლენინგორის ამომრჩეველს არ გადაეწყვიტა პროტესტის ნიშნად სხვისთვის ხმის მიცემა.
ადგილობრივი ჩინოვნიკები მოსახლეობას ემუქრებიან, რომ თუ დრიაევი არჩევნებში დამარცხდება, ის რაიონის უფროსად დაინიშნება, ხოლო “რაზდახანის” პუნქტი დაიხურება. ლენინგორელებისთვის ეს ორი ყველაზე საშინელი საფრთხეა.
დავით გურწიევი სახელმწიფო თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლებითა და სხვა პრობლემების შექმნით ემუქრება, თუ ისინი დრიაევს მხარს არ დაუჭერენ. იმის დასამტკიცებლად კი, რომ მათ ხმა “სწორად” მისცეს აღნიშნულ კანდიდატს, რაიონის მცხოვრებლებს მოეთხოვებათ ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღება, სანამ საარჩევნო ყუთში ჩააგდებენ.
ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები დაუცველები არიან, რადგან, უმეტესწილად, მათ არ აქვთ უფლება დაიკავონ თანამდებობა შესაბამისი განათლების არქონის ან რუსული ენის არცოდნის გამო. ამიტომ, ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ასეთი საფრთხეების მიმართ – სამსახური შესაძლოა ოჯახის ყველა წევრმა დაკარგოს.
გარდა ამისა, რაიონულმა პროკურორმა გურციევმა იცის საშუალო კლასის რაიონული ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ და იყენებს თავის ცნობიერებას, როგორც ბერკეტს, რომლითაც იგი ავალდებულებს ჩინოვნიკებს ხმების გარკვეული რაოდენობა მისცენ დრიაევის სასარგებლოდ – დასტურის სახით კი ბიულეტენების ფოტოსურათები აქვს.
ამავე სქემით “აგიტაციას” აწარმოებდა რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მურთაზ ვალიევიც. ის სჯის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სხვა კანდიდატების მიმართ სიმპატიების ქონაში. მას შემდეგ, რაც გამგეობის კულტურის განყოფილების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ხმას დავით კუსრაევს მისცემდა, მას ნარკოტიკების მოხმარებაზე ექსპერტიზა ჩაუტარდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისმა კოლეგებმა ადრეც იცოდნენ მისი “ბალახზე” დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ სანამ დრიაევისთვის ხმის მიცემაზე უარს განაცხადებდა, ხელმძღვანელობა ყურადღებას არ აქცევდა ჩინოვნიკის მავნე ჩვევას.
კენჭისყრა 9 ივნისს გაიმართა, მაგრამ ზაზა დრიაევი გამარჯვებას იქამდე ზეიმობდა. მისი ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა – მთავრობის ინსაიდერების თქმით, მას ყოველკვირეულად 300 ათასი რუბლი გამოეყოფა საარჩევნო კამპანიისთვის პრეზიდენტის შავი ფულის ფონდიდან, ეს კი შეადგენს მილიონნახევარს ხუთ კვირაში.
ამ ფულით, კანდიდატი აკვლევინებდა ხბოებს და აწყობდა კამპანიის ქეიფებს საარჩევნო ოლქის სოფლებში.
ადგილობრივი სპიკერები ვერ ხვდებიან, რა იყო ასეთი ღირებული, რაც პრეზიდენტმა გაგლოევმა ზაზაში აღმოაჩინა, რისთვისაა გაღებული ამხელა ხარჯი და ადმინისტრაციული რესურსი?
როგორც პოლიტიკური მოკავშირე, ის აბსოლუტურად უსარგებლოა. თანამოაზრეები მას ისე ექცევიან, როგორც უღირსს, დაუფარავი ზიზღით ზოგი მას სულ არ ესალმება კიდეც. ზაზა დრიაევი მოქმედ პარლამენტში “ერთიანი ოსეთის” მხარდაჭერით აირჩიეს. ის იმდენად დამაჯერებელი იყო ანატოლი ბიბილოვისადმი ერთგულების საკითხში, რომ პრეზიდენტმა სწორედ ის ამჯობინა თავის თანაპარტიელ სპარტაკ დრიაევს – კაცს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი ლოიალობა პრეზიდენტისადმი, როგორც მისი ინტერესების დამცველმა ლენინგორში.
მაგრამ როდესაც ბიბილოვის პოლიტიკური პოზიციები შესუსტდა, ზაზა დრიაევი ოპოზიციურ ბანაკში გადავიდა.
ოპონენტთა საარჩევნო შტაბებში ხუმრობენ: “მას დეპუტატად არჩევის შემდეგ ვიყიდით, უფრო იაფი დაჯდება”. თუმცა, ლენიგორის რაიონის მცხოვრებლებს მთელი ეს ამბავი სასაცილოდ არ ეჩვენებათ.

ასევე დაგაინტერესებთ