Reuters – ულტრამემარჯვენეები ევროკავშირის არჩევნებში წარმატებას აღწევენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება.
Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკივნეული ღამე გადაიტანა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც, როდესაც მისმა „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ევროპის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა” (CDU/CSU) და ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა – „იტალიის ძმები“ – ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
პოლონეთში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტული „სამოქალაქო კოალიცია“ იმარჯვებს, რომელიც „ევროპის სახალხო“ პარტიის წევრია. ესპანეთშიც მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ ლიდერობს, რომელიც ასევე „ევროპის სახალხო“ პარტიის ნაწილია და რომელიც, შედეგებით, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ „მუშათა პარტიას“ უსწრებს.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, მაგრამ უფრო მცირე სხვაობით, ვიდრე პროგნოზირებული იყო.
ნიდერლანდებში, წინასწარი შედეგების თანახმად, „ლეიბორისტებ“/“მწვანე მემარცხენეების“ კომბინაციამ რვა ადგილი მოიპოვა და გეერტ უილდერსის პარტია დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ