საქსტატი: 1-ელ კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის I კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, შემცირდა 64.4%-ით 2023 წლის I კვარტალთან შედარებით.
“საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით” – წერია საქსტატის 2024 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანგარიშში.
საქსტატის ცნობითვე, 2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 45.9 პროცენტით განისაზღვრა.
“2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი – 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი – 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს” – წერია საქსტატის ანგარიშში.