მშვიდად და დამაჯერებლად – საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გასვლაზე მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.
მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა
პირველად კარში მხოლოდ 38-ე კარში დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილი დაშავდა და კვეკვესკირმა შეცვალა. ოთარმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მერე „კვარა“ მეურვეს გაექცა და მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა გადაცემა უკეთეს პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა. ამას მონტენეგროელთა შეტევა მოჰყვა და ოსმაიჩს ახლო მანძილიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა მალე ანგარიში შეამცირა. შემდეგ ალთუნაშვილის კარგი პასით მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მიატოვიჩმა მოიგერია. 83-ე წუთზე დავითაშვილი მცველს დაუსხლტა, რომელმაც საჯარიმოში წააქცია, თუმცა ზივზივაძემ გაიტანა და პენალტის დანიშვნა საჭირო არ გახდა. მორიგი იერიშისას ზურიკოს მეკარემ არ გაატანინა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევრო 2024-ზე ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.
სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს – 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან.
მონტენეგრო – საქართველო 1:3
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (68), 1:3 ზივზივაძე (83)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), შენგელია (წიტაიშვილი 66), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), კვარაცხელია (დავითაშვილი 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)
ყოჩაღ ბიჭებს!!!! აშკარად ეტყობათ, რო ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულები, რაც გვახარებს! რაც მთავარია გამოსწორდა პასების დროულად გადაცემა, ადრე წელავდნენ და ბოლოს ბურთს მეკარეს უგზავნიდნენ, რაც საბოლოოდ უინტერესოს ხდიდა თამა. შეჯამების სახით: შემართება, ერთმანეთთან შეთამაშება, ერთი ორი ეპიზოდის გარდა ბურთს უმიზნოდ მეკარეს არ აწვიდნენ, პირიქით წინ მეტოქია კარისკენ სწრაფად გარბოდნენ ხარისხიანად და ტექნიკურად და აჰა ამ ყველაფერმა შედეგიც მოიტანა! იმედია გერმანიაში ბიჭებო! უფრო და უფრო მონდომენულად ითამაშენთ და გაგვახარებთ!