საქართველოში ველოსიპედებზე მოთხოვნა გაიზარდა – Georgian Bicycle Group

ველოსიპედებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა კიკნაველიძემ BM.GE-ის განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის მაჩვენებლები უსწრებს როგორც კოვიდამდე პერიოდის, ასევე კოვიდის შემდგომ მაჩვენებლებს, ხოლო პანდემიის პერიოდის მაჩვენებლებს – ვერა, ვინაიდან იმ პერიოდში ველოტრანსპორტზე მოთხოვნა მკვეთრად იყო გაზრდილი.
„კოვიდპანდემიის დროს ველოსიპედები ძალიან მოთხოვნადი იყო, შემდეგ, 2021-2022 წლები მოთხოვნის მატებით დიდად არ გამოირჩეოდა. 2023 წელს ზრდა ისევ დაიწყო და 2024 წელი ყველაზე კარგი მაჩვენებლებია როგორც კოვიდამდე, ასევე კოვიდის შემდგომ პერიოდთან შედარებით“, – აღნიშნა ბექა კიკნაველიძემ.
მისივე თქმით, ველოსიპედებზე მოთხოვნის ზრდა, სავარაუდოდ, მიგრანტების რიცხვის ზრდამ განაპირობა, რაც გაყიდვების მაჩვენებელზე აისახა – „თუ ამ მოთხოვნის ზრდას მიგრანტების შემცირების შემდეგ, ადგილობრივი მოქალაქეების მოთხოვნიდან გამომდინარეც შევინარჩუნებთ, კარგი იქნება“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ველოსიპედების გაქირავების ტენდენციებს, როგორც Georgian Bicycle Group-ის დამფუძნებელი ამბობს, ამ კუთხით ზრდა შედარებით მოკრძალებულია, თუმცა, მოთხოვნა ქირაობაზე განსაკუთრებით შესამჩნევია ელექტრო ველოსიპედების შემთხვევაში.
„აღსანიშნავია ისიც, რომ გაზრდილია მოთხოვნა საბავშვო ველოსიპედებზეც. ვიცით, რომ ველოსიპედი ბავშვთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, შედარებით ბიუჯეტური ველოსიპედები მალე ფუჭდება, ამიტომაც მოთხოვნა შედარებით მაღალხარისხიანი ველოსიპედების შეძენაზე გაიზარდა. მშობლები გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობენ და როცა ველოსიპედს ყიდულობენ ერთი ბავშვისთვის, იციან, რომ მეორე და მესამე შვილებისთვისაც გამოადგებათ“, – განაცხადა ბექა კიკნაველიძემ.
Georgian Bicycle Group-ს ველოსიპედები ძირითადად შემოაქვს გერმანიიდან, პოლონეთიდან, დან და ამერიკული ბრენდის Specialised-ის ველოსიპედები, რომელსაც საწყობები ნიდერლანდებში აქვს.
აღსანიშნავია, რომ Georgian Bicycle Group-ი აერთიანებს საცალო გაყიდვების, ველოსიპედების გაქირავების და ველოტურების ორგანიზების მიმართულებებს.
კომპანია, რომელიც ოფიციალურად 2017 წლიდან ფუნქციონირებს, ვაკეში ფლობს ერთი მაღაზიას, ასევე, ველობაზას ვაშლიჯვარში. თუმცა, ბექა კიკნაველიძის თქმით, იგეგმება ახალი ობიექტების დამატებაც, რისთვისაც კონკრეტული ინვესტიციებია გათვალისწინებული. თუმცა კომპანიის დამფუძნებელი ჯერჯერობით თავს იკავებს პროექტის დეტალების გასაჯაროებისგან და აცხადებს, რომ ამის შესახებ დედაქალაქის მცხოვრებლები სასიამოვნო სიახლეს მალე შეიტყობს.