“შარშან უცხოელი ტურისტების ნაკლებობა შეინიშნებოდა, წელს გააქტიურებას ველით” – სასტუმრო ხევსურეთში

ზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. BM.GE დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს მზადება ხევსურეთში, და შატილში მდებარე სასტუმრო “სულფონის” თანადამფუძნებელს, თეკლა ჭინჭარაულს დაუკავშირდა.
“სულფონის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა განსაკუთრებულ აქტიურობას ივნისის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. ჭინჭარაული განმარტავს, რომ სასტუმროს დატვირთულობა მაღალმთიან რეგიონში ამინდზეა დამოკიდებული, რომელიც, ხშირად, მოულოდნელად იცვლება.
“ზამთრის შემდეგ ხევსურეთში ამოსასვლელი გზა უკვე აღდგენილია. ნელ-ნელა ვიწყებთ სეზონისთვის მზადებას, სასტუმროების მომზადება-მოწესრიგებას და ველოდებით სტუმრებს. პროგნოზების გაკეთება წინასწარ ძალიან რთულია, მთაში ამინდზე ვართ დამოკიდებული და თუ ძლიერი წვიმები იწყება, ბუნებრივია, ხალხს ეშინია, უფრთხის ხევსურეთში ამოსვლას. თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი სეზონი იქნება. შარშან ხან ამინდის პრობლემა იყო, ხან გზის და ამ ყველაფერმა ხალხის სიმცირე გამოიწვია.
უკვე გვაქვს ჯავშნების გარკვეული რაოდენობა ივნისი-ივლისისთვის. ზოგადად, ხევსურეთში ყოველთვის ასეა, თავიდან, ვიდრე სეზონი აქტიურ ფაზაში გადავა, ჯავშნებიც მცირეა და ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება რეკვა”, – ამბობს ჭინჭარაული.
2023 წლის ზაფხულის სეზონის შეფასებისას, “სულფონის” თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ხევსურეთში უცხოელი ტურისტების ნაკლებობაც შეინიშნებოდა, წელს კი მათი კვლავ გააქტიურებაა მოსალოდნელი.
“შარშან უცხოელი ტურისტების ნაკლებობა ნამდვილად იყო თვალშისაცემი, ადგილობრივი ტურისტები ჩამოდიოდნენ – 8-10 წლის წინ ასე არ იყო, მაშინ არ შეინიშნებოდა, რომ დამსვენებლები უფრო მეტად ქართველები იყვნენ, შემდეგ ადგილობრივი ტურისტების რაოდენობაც გაიზარდა, ბოლო 2-3 ზაფხულია, უცხოელი ვიზიტორებიც შემცირდნენ, თუმცა წელს მათი აქტიურობის განახლებას ველოდებით.
რაც შეეხება ქვეყნებს, ტურისტები ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ აქტიურად: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან, ასევე დან”, – ამბობს თეკლა ჭინჭარაული.
გამოწვევებზე საუბრისას, სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პრობლემები, რომლებიც გასულ წლებში სეზონის დაწყებისას იკვეთებოდა, ჯერჯერობით არ გამოვლენილა.
“წინა წლებში, როდესაც ახალი სეზონისთვის ვემზადებოდით, ელექტროენერგიის პრობლემა ყოველთვის იყო. წელს ეს პრობლემა, ჯერჯერობით, არ გვქონია. ყველა კომუნიკაცია, რომელიც ხევსურეთშია გაყვანილი, შეუფერხებლად მუშაობს და მზად ვართ ტურისტების დასახვედრად”, – ამბობს “სულფონის” თანადამფუძნებელი.