ბაიდენი ამერიკელებს დემოკრატიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ნორმანდიაში, მოკავშირეთა ძალების წარმატებული ოპერაციის და გამარჯვების დღის აღნიშვნის 80 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა საგანგებო მოხსენებით მსოფლიოს მიმართა. მან დამსწრეებს, ამერიკელებს, ცერემონიის ტრანსლიაციის მაყურებლებს ნორმანდიაში მებრძოლი ჯარისკაცების იდეალები და მიზნები შეახსენა.
ბაიდენმა 80 წლის წინ, ნაცისტური გერმანიიდან მომავალი საფრთხე დღესდღეობით დიქტატორების და ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან შექმნილ გამოწვევებს შეადარა და მოუწოდა, იზოლაციონიზმს ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ.
ბაიდენის მეორე საჯარო გამოსვლა ნორმანდიაში ვიზიტისას, რუსეთთან ბრძოლაში ჩაბმული უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ემსახურებოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უშუალოდ ამერიკელებსაც მიმართა და მოუწოდა მათ, ახსოვდეთ ნორმანდიაში მებრძოლი მედესანტეების გმირობა და სულისკვეთება, უერთგულონ იმ პრინციპებს, რასაც ამერიკა იცავს და მხარს უჭერს.
პრეზიდენტი გამოეხმაურა ამ დღის 40 წლისთავის აღსანიშნავად, რონალდ რეიგანის 40 წლის წინანდელ გამოსვლას. მან მოიგონა პრეზიდენტ რეიგანის სიტყვები, სადაც ის ამბობს: “დემოკრატიის დასაცავად სიკვდილიც კი ღირდა”.
1944 წლის 6 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ჯარებმა ერთიანი ძალებით შეუტიეს საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარე ნორმანდიის სანაპიროებს, რომელსაც ნაცისტური გერმანია აკონტროლებდა. 150 ათასზე მეტი ჯარისკაცის გადასხმა 80 კილომეტრის ზოლზე მოხდა. მათ ზურგს 5 ათასი გემი და 13 ათასი თვითმფრინავი უმაგრებდა.
ნორმანდიაში გადასხმა სამხედრო ისტორიაში დღემდე ყველაზე მასშტაბურ ოპერაციად ითვლება. მოკავშირეთა უზენაესმა მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ოპერაციას ჯვაროსანთა ლაშქრობა უწოდა და თქვა, რომ შედეგად სხვა არაფერს მიიღებდა, „გარდა სრული გამარჯვებისა“. ამ ოპერაციამ ნაცისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომში უზარმაზარი გარდატეხა შეიტანა და ისტორიაში “დი-დეის” (D-Day) სახელით შევიდა.