აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გააკეთა.
“ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი, რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან ჩვენ გვქონდა პრობლემა კანონპროექტის მიღებაზე, რაზეც პრობლემა კონსერვატიულმა წევრებმა შეგვიქმნეს, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე.
ამავე შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ახალი, 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.
როგორც ცნობილია, დახმარების ახალ პაკეტში – HIMARS სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები და ნაღმტყორცნების სისტემები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, საზენიტო რაკეტები Stinger, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები შევა.
“თქვენ არ დანებებულხართ, აგრძელებს ბრძოლას გზით, რომელიც გასაოცარია. არ ვაპირებთ თქვენს მიტოვებას”, – უთხრა ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის.
ორივე ქვეყნის ლიდერი საფრანგეთში ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიების გამო ჩავიდა.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ბოლოს დეკემბერში შეხვდნენ, როდესაც ზელენსკი ვაშინგტონს ეწვია.
ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს მომავალ კვირას იტალიაში, G7-ის ქვეყნების სამიტზეც შეხვდებიან, სადაც ქვეყნების ლიდერები განიხილავენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფისთვის.