თუ დონორები დახმარებაზე უარი იტყვიან, რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძის თქმით, დონორების დახმარება სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მათი წილი ღვინის ლაბორატორიის გადაიარაღებაში მნიშვნელოვანია.
BMG-ის კითხვაზე – რას ფიქრობს დონორთა დახმარებაზე და როგორ აისახება „რუსული კანონი“ მათ საქმიანობაზე საქართველოში, მინისტრის მოადგილე პასუხობს: „მიზნობრივი დონორული დახმარება სოფლის მეურნეობის, რა თქმა უნდა, სარგებელს აძლევს. ჩვენ უკვე წლებია ვსარგებლობთ, მათ შორის ღვინის ხარისხში დონორი ორგანიზაციების დახმარებით გადავაიარაღეთ ღვინის ლაბორატორია. ჩვენ დონორებთან ვთანამშრომლობთ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას.
პრობლემა შეექმნება თუ არა მათ საქმიანობას არ ვიცი, ზოგადად, მიზნობრივი დახმარება კარგია და როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა დონორებთან, ამას მოვლენათა განვითარება გვაჩვენებს“.
კითხვაზე – რა შეიცვლება, თუკი დონორები აღარ დაგვეხმარებიან, იური ნოზაძემ უპასუხა, რომ თუ დახმარებაზე უარი ითქვა, რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება.
რაც შეეხება „რუსულ კანონს“, მინისტრის მოადგილის თქმით, კანონი მისაღებია.
„სიღრმეებში ნუ შევალთ. მე და ჩემი გუნდი მხარს ვუჭერთ კანონს, გამჭვირვალობას. ხომ შეიძლება კარგი უცხო ძალის გამტარებელი ვიყო? ძალიან კარგი ინტერესები იყო უცხოეთის, რომ შექმნილიყო ლაბორატორია, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უცხო ძალის გატარებაში“, – თქვა ნოზაძემ.
bm.ge