გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „ღია კარის დღე“ გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმმა საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეებთან სკოლებში უკვე ჩაატარა. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი კი, „ღია კარის დღის“ ღონისძიებით ლიცეუმში დასრულდა. „ღია კარის დღეს“ ლიცეუმმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ათასამდე ვიზიტორს უმასპინძლა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სასწავლებლის გაცნობა კადეტთა კლუბიდან, ლიცეუმის შესახებ პრეზენტაციით დაიწყო. ბავშვებსა და მათ მშობლებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილეები, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა კელენჯერიძე და მაია გაბუნია შეხვდნენ და ლიცეუმის გამორჩეულ და განსაკუთრებულ გარემოებებზე, ასევე ლიცეუმში მოსწავლის ჩარიცხვის წესზე გაამახვილეს ყურადღება. კადეტებმა კი, დეტალურად ისაუბრეს კადეტის ლიცეუმში ცხოვრების, კადეტთა დღის განრიგისა და ლიცეუმში არსებულ სასწავლო თუ სამოტივაციო გარემოზე.
„პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიზიტორებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მათ საშუალება ჰქონდა ენახათ საცხოვრებელი ოთახები, კლას-კაბინეტები, დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრი, სპორტული დარბაზი, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიების მიერ წარმოდგენილი ექსპერიმენტები.
მათივე ინფორმაციით, ლიცეუმი პანსიონის ტიპის ავტორიზებული სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეები მიიღებიან, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ ცხრა კლასს. მისაღები გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 ივნისიდან და დასრულდება 2024 წლის 28 ივნისს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://shorturl.at/fu8xF