უფლებადამცველებმა ჰააგაში უჩივლეს სიმონიანს, სოლოვიოვს და სხვა რუს პროპაგანდისტებს

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაციამ(FIDH) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში(ICC) უჩივლა რუს პროპაგანდისტებს. უფლებადამცველები უკრაინის მიმართ სიძულვილის გაღვივებაში ადანაშაულებენ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ვლადიმირ სოლოვიოვს, დმიტრი კისელიოვს, მარგარიტა სიმონიანს და სერგეი მარდანს და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს.
FIDH-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, ალექსეი გრომოვის პასუხისმგებლობაზეც. გრომოვი დასახელებულია პირად, რომლის უშუალო მითითებით ხდება მედიით პროპაგანდისტული მასალების გავრცელება.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ICC-ს პროკურორს მიმართავს, ამ პირების წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება, რასაც შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება და დაპატიმრების ორდერების გაცემა უნდა მოჰყვეს.
რომის სტატუტით, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ხელმძღვანელობს, სიძულვილის ენა დანაშაულად ჯერჯერობით არ ითვლება, თუმცა, უფლებადამცველებს პრეცედენტის შექმნა სურთ. მათი შეფასებით, სიძულვილის ენა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად უნდა გამოცხადდეს, რადგან დიდი წვლილი შეაქვს ომის გაჩაღებასა და გამართლებაში.
უფლებადამცველების თანახმად, კრემლის ნარატივმა „კიევში ნაცისტების“ შესახებ, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული საშუალებები აქტიურად ავრცელებენ, გამოიწვია ის, რომ რუსების მნიშვნელოვან ნაწილს სჯერა უკრაინის ხელისუფლებაში ნაცისტების ყოფნის და უკრაინის წინააღმდეგ ომს აიგივებს „დიდ სამამულო ომთან“. რუსული პროპაგანდის მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ კიდევ ერთ იდეად დასახელებულია ნარატივი, რომ როგორც სახელმწიფო არასდროს არსებობდა და ყოველთვის რუსეთის ნაწილი იყო.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საქმეს იძიებს და უკვე გაცმეული აქვს დაპატიმრების არაერთი ორდერი.
· 2023 წლის 17 მარტს სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
· სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
· 2024 წლის 5 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
· სოკოლოვი და კობილაში ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულში, კერძოდ, მათი ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების განზრახ განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. რუსი ადმირალი და გენერალი ეჭვმიტანილი არიან ანტიჰუმანური ქმედებებით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშიც.

ასევე დაგაინტერესებთ