ღმერთმა ნუ ქნას, აშშ-მა და EU-მ საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეგვიყვანოს – ნიკა მანჯგალაძე

ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელი და სასტუმრო The 10-ის მფლობელი ნიკა მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ და ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში არ შეიყვანენ, რაც ტურიზმზე ნეგატიურად აისახება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ გამო, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
“ამერიკელი ტურისტი ძალიან ფრთხილია. ის შორეულ ქვეყანაში როცა მიდის სამოგზაუროდ, ყველაფერს დეტალურად გეგმავს; რა თქმა უნდა, შეხედავს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდს, რათა გაიგოს, რა მდგომარეობაა იმ ქვეყანაში, სადაც ჩასვლას აპირებს და მხოლოდ ამის შემდეგ, გადაწყვეტს, იმოგზაუროს თუ – არა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ აშშ-მა და EU-მ საფრთხის შემცველი ქვეყნების სიაში შეგვიყვანოს ან კიდევ, ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შეგვიჩეროს, რასაც შეიძლება სხვა ქვეყნებიც მიჰყვეს“, – თქვა ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელმა.
ნიკა მანჯგალაძე გვიყვება, რომ „რუსული კანონის“ გამო, მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში The 10-ში ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი მაღალი იყო, რადგან სასტუმრო პარლამენტთან ახლოს, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარეობს.
“ჩვენ ტურისტული კომპანიის Travelshop-ის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჯავშნების საგრძნობი გაუქმება არ ყოფილა, მაგრამ სასტუმროში კატასტროფული მდგომარეობა წარმოიქმნა, ალბათ ადგილმდებარეობის გამო – პარლამენტთან 50-მეტრში ვართ; ტურისტები გვწერდნენ, რომ ეშინოდათ მოგზაურობის და ჯავშნებს აუქმებდნენ. ზოგადად, მსგავსი სიტუაცია არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ მოსახლეობას თრგუნავს და არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობას ემხრობი თუ – არა. ადამიანს სურვილი უქრება, რაღაცის კეთების. შესაბამისად, ბიზნესის აქტივობაც დაბლა იწევს“, – აღნიშნა ნიკა მანჯგალაძემ.
მისივე ინფორმაციით, აპრილ-მაისში, საპროტესტო აქციების პერიოდში, სასტუმროში ჯავშნები ნიდერლანდებიდან, ასევე, ესპანეთიდან გაუუქმეს.
რაც შეეხება მოლოდინებს ზაფხულის სეზონისთვის, ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელი და სასტუმრო The 10-ის მფლობელი ამბობს, რომ „თუ სიტუაცია არ ჩაწყნარდა, გათვლების გაკეთება რთული იქნება“.
„არ დაგიმალავთ და შარშან უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონდა პარტნიორებთან, უფრო მეტი ინტერესი იყო, წელს კი, შემცირებულია და კითხვები აქვთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ; თუ სიტუაცია არ ჩაწყნარდა, გათვლების გაკეთება გაგვიჭირდება.
ისე, აღსანიშნავია, რომ წელს საინტერესოდ აქტიურობს თურქეთი და თან არა – „კაზინო ტურების“ მიმართულებით არის ინტერესი, არამედ – კულტურული ტურების. გერმანელებიც ჩამოდიან; სტუმრად გვყავდნენ იტალიელებიც. ალბათ ზაფხულში გერმანელები ისევ გააგრძელებენ მოგზაურობას, ასევე ავსტრიიდან და პოლონეთიდან ველოდებით ტურისტებს…. რომ გითხრათ, ახალი ქვეყანა გაჩნდა, ვისაც ინტერესი აქვს საქართველოს შესახებ-მეთქი, მოგატყუებთ“, – განაცხადა ნიკა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მეორე კვარტალის ტურიზმის სტატისტიკას 15 ივლისის შემდეგ გამოაქვეყნებს.