„ნელ-ნელა ვფართოვდებით“ – „წერტი“ რიგით მეხუთე ფილიალს დიდ დიღომში ხსნის

„წერტი“ 7 ივნისს, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. #46 ნომერში ახალ ფილიალს გახსნის. მაღაზია სავაჭრო ცენტრ DighomiCity-ის პირველ სართულზე იქნება. ეს თბილისში კომპანიის რიგით მეხუთე ფილიალია.
„ნელ-ნელა ვფართოვდებით. დიღომი საკმაოდ დიდი დასახლებაა და მოთხოვნაც არსებობს. შემოგვდიოდა კითხვები და ბევრი ადამიანი ითხოვდა, რომ იქაც ყოფილიყო „წერტი“, ამიტომ გადაწყდა, რომ ახალი ფილიალი აქ გაგვეხსნა“, – განუცხადა „კომერსანტს“ „წერტის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი მაღაზიის ფართობი 240 კვ.მ.-ია, ასორტიმენტიდან კი სხვა ფილიალებში არსებული ყველა პროდუქტი გაიყიდება.
„რაც შეეხება ასორტიმენტს, ყველაფერი იქნება ახალ ფილიალში, რაც სხვაგანაა. მხოლოდ კონცეფციის ის ნაწილი არ იქნება, სადაც ობიექტზე მიმდინარეობდა წარმოების პროცესი. აქ მხოლოდ სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქცია გვექნება ანუ ხორცი, ნახევარფაბრიკატები, ხილ-ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტები.
მისი თქმით, 7 ივნისს მაღაზიაში პირველ 10 მყიდველს საჩუქრად 50-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.
„რადგან ხვალ, მაღაზიის გახსნის დღეა, პირველი 10 მომხმარებლისთვის გვექნება 50-ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად, ხოლო შემდგომ პერიოდშიც რა თქმა უნდა, ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას“, – აღნიშნა ბექა გონაშვილმა.