თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალის პროექტის დაწყება 2025-2026 წლებში არ იგეგმება – რა განმარტებას აკეთებს მთავრობა

თბილისის შემოვლითი რკინიგზის საფუძველზე, ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყება არც მომდევნო წელს იგეგმება – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და მიზეზები განმარტა.
“შემოვლით რკინიგზასა და იქ გზის გაკეთებას რაც შეეხება, ეს ძალიან ძვირიანი პროექტია, რამდენადაც მახსოვს, დაახლოებით $1.5 მილიარდზეა საუბარი. ამიტომ ჯერ, მომდევნო წელს და, ალბათ, არც 2026-ში, ამის დაწყებას არ ვფიქრობთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, უნდა გაკეთდეს ამ პროექტის ეკონომიკური შეფასება და, თუ მისაღები იქნება, მერე უნდა დაიგეგმოს, როდის შეიძლება ამ გზის დაწყება”, – განმარტა კაკაურიძემ.
რკინიგზის შემოვლითი რკინიგზის პროექტი 2010 წელს დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, 2013 წლამდე, მასზე $230 მილიონი დაიხარჯა, თუმცა, მმართველი პარტიის შეფასებით, პროექტი ეფექტიანი არ აღმოჩნდა, რის გამოც მისი მშენებლობა დაპაუზდა, მოგვიანებით კი, მის საფუძველზე, თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალის დაპროექტების იდეა გაჩნდა.
თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება.
თბილისის შემოვლითი გზის საპროექტო სიგრძე 50 კილომეტრია, ის მცხეთის, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ დაიწყება, გვირაბის მეშვეობით ზაჰესის, გლდანის და თბილისის ზღვის მიმართულებით გაგრძელდება, შემოუვლის ლილოს დასახლებას და სამხრეთით, რუსთავისკენ მიემართება.
2024 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა აღნიშნული კომპანიების მიერ მომზადებული პრომო ხასიათის ვიდეო, სადაც ასახული იყო სად გაივლიდა მაგისტრალი, რაც მეტწილად შემოვლითი რკინიგზის ხაზს ემთხვეოდა.
bm.ge