9 თვეში გამონაბოლქვის ნორმებთან შეუსაბამობის 5738 სამართალდარღვევა გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 ივნისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 5738 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ყველაზე მეტი – 2742 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1147 – ქუთაისში, 982 – ბათუმში, 867 კი, ქალაქ რუსთავში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 5738 სამართალდამრღვევიდან 5006 ფიზიკური პირია, ხოლო 732 – იურიდიული პირი.
3542 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1944 – მიკროავტობუსის, 245 – სატვირთო ავტომობილის, 7 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის – www.videos.police.ge საშუალებით.

ასევე დაგაინტერესებთ