გასული 12 თვე რეკორდულად ცხელი იყო – ივნისიდან ცხელ „ელ ნინიოს“გრილი „ლა ნინია“ ჩაანაცვლებს

გაეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ელ ნინიოს“ ამ ზაფხულს ცივი ოკეანური და ატმოსფერული ფენომენი „ლა ნინია“ ჩაანაცვლებს.
„2024 წლის მაისი იყო რეკორდულად ყველაზე თბილი თვე და ზედიზედ მე-12 რეკორდულად ცხელი თვე დაკვირვების პროცესის ისტორიაში,“ – განაცხადეს ევროკავშირის კლიმატის სამსახურის „კოპერნიკის“ ექსპერტებმა.
ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის თანახმად, გასულ თვეში საშუალო გლობალური ტემპერატურა 1.52 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე 1850-1900 წლებში, ინდუსტრიალიზაციამდე. ასევე ზედიზედ 12 თვის განმავლობაში ტემპერატურა იყო უფრო თბილი, ვიდრე ოდესმე, ხოლო მიწის ზედაპირზე ჰაერის ფენის საშუალო გლობალური ტემპერატურა 0.65°C-ით მეტი იყო 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.
„ის, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამ 12-თვიან ზღვარს, შოკის მომგვრელია, მაგრამ გასაკვირი არაა და მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკორდული თვეების სერია საბოლოოდ დასრულდება, კლიმატის ცვლილების საერთო ტენდენცია გრძელდება და ამის შეცვლის არანაირი ნიშანი არ ჩანს,“- ამბობს ევროკავშირის კლიმატის სამსახურის დირექტორი კარლო ბუონტემპო.
რა არის „ლა ნინია“ და ჩაანაცვლებს თუ არა „ელ ნინიოს“?
ოკეანეში მომატებული სითბო „ელ ნინიო“ ამ უჩვეულოდ ცხელი პერიოდის ანარეკლია. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) თანახმად, ევროპის გარშემო მდებარე ოკეანეებში 2023 წელს რეკორდულად ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა.
გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, „ელ ნინიოს“ ამინდის ფენომენი ხელს უწყობს გლობალური ტემპერატურის ზრდას და ექსტრემალურ კლიმატურ პირობებს მთელს მსოფლიოში, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მთავარი მიზეზი ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობაა. თუმცა, WMO-ში ამბობენ, რომ 2023-24 წლების „ელ ნინიო“ უკვე დასრულების ნიშნები აქვს და უკვე ივნისში შესაძლოა ადგილი დაუთმოს „ლა ნინიას“.
„ლა ნინია“ ხასიათდება ზღვის ზედაპირის საშუალოზე ცივი ტემპერატურით წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ეკვატორულ ნაწილში, რაც, როგორც წესი, იწვევს „ელ ნინიოსთან“ დაკავშირებული ამინდის საპირისპირო პირობებს, განსაკუთრებით ტროპიკულ რეგიონებში. ამ გაგრილებას თან ახლავს ტროპიკული ჰაერის მიმოქცევის ცვლილებები, მათ შორის ქარის მახასიათებლების, ატმოსფერული წნევის და ნალექების რაოდენობის ცვლილებები.
რას ნიშნავს „ლა ნინია“ გლობალური დათბობისთვის?
„ელ ნინიო“ და „ლა ნინია“ ჩვეულებრივ იწყება გაზაფხულზე ან ზაფხულში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.„ელ ნინიოს“ თბილი ფაზიდან „ლა ნინიას“ ნეიტრალურ ან ცივ ფაზაზე გადასვლა საშუალოდ 3-5 წელიწადში ერთხელ ხდება. თუმცა, ეს გადასვლა არ ნიშნავს გლობალური დათბობის მიმდინარე ტენდენციის ცვლილებას.
„2023 წლის ივნისიდან ყოველი თვე ტემპერატურის ახალ რეკორდს ამყარებდა, 2023 წელი რეკორდულად ყველაზე თბილი წელი აღმოჩნდა,“ – ამბობს WMO-ს გენერალური მდივნის მოადგილე კო ბარეტი.
„ელ ნინიოს“ დასასრული არ ნიშნავს კლიმატის გრძელვადიანი ცვლილების შეჩერებას, რადგან ჩვენი პლანეტა გააგრძელებს დათბობას სათბურის აირების გამო, რომელიც სითბოს იჭერს.ზღვის ზედაპირის განსაკუთრებულად თბილი ტემპერატურა გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს მომდევნო თვეებში.“- აცხადებს ის.
გასული ცხრა წელი ყველაზე ცხელი იყო დაკვირვების პროცესის ისტორიაში, მრავალწლიანი „ლა ნინიას“ მიუხედავად, რომელმაც დედამიწა გააგრილა 2020 წლიდან 2023 წლის დასაწყისამდე.
„ჩვენი ამინდი უფრო ექსტრემალური იქნება ატმოსფეროში დამატებითი სიცხისა და ტენიანობის გამო. „ლა ნინიას“ პირობები, როგორც წესი, მოჰყვება ძლიერ „ელ ნინიოს“ მოვლენებს და ეს შეესაბამება ბოლო მოდელურ პროგნოზებს, თუმცა ბევრი გაურკვევლობა რჩება მათი სიძლიერისა და ხანგრძლივობის შესახებ.“- განაცხადა კო ბარეტიმ, რომელიც ხელმძღვანელობს WMO-ს დელეგაციას გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ