ჩინეთის ტურებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა – Goodtravel-ის ტურ-ოპერატორი

ამ ეტაპზე დაახლოებით 20%-ით მაინც იქნება მოთხოვნა გაზრდილი, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ტურისტული კომპანია Goodtravel-ის ტუროპერატორმა, ნათია იმესაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2-3 თვე მაინცაა საჭირო, რომ ახალი მიმართულება დასტაბილურდეს და მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
Goodtravel-ი 15 წელი ბაზარზეა და როგორც ჩვენთან საუბრისას ტურ-ოპერატორი აცხადებს, ჩინეთის მიმართულება აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ მოთხოვნა გაიზარდა. მისივე თქმით, ჩინეთის ვიზის მიღება არც აქამდე იყო რთული. ვიზა და საელჩოში განაცხადის შევსება 170 ლარი ჯდებოდა და ვიზის მისაღებად მკაცრი მოთხოვნებს არც აქამდე აწესებდა საელჩო.
ჩვენთან ჩინეთის ტურები დიდი ხანია გვაქვს. 15 წელია რაც ბაზარზე ვართ და სულ გვქონდა ეს მიმართულება. ახლა რადგან ვიზები მოიხსნა, მოთხოვნა შედარებით მომატებულია, რადგან უფრო გამარტივებულია წასვლა. ვიზის ასაღებად ისედაც არ იყო რთული პროცედურები, მაგრამ უვიზოს დაწესების შემდეგ, კიდევ უფრო გამარტივდა. სავიზო მოსაკრებლის ფასი 70 ლარი იყო და შევსების მომსახურება 100 ლარი ღირდა, ჯამში 170 ლარს არ სცდებოდა. ვიზის აღება სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული: სამსახურის და სახელფასო ნაშთის ცნობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ვიზა მოეცათ. რთული არ იყო ვიზის აღება“, – ამბობს ნათია იმესაშვილი.
ტურისტულ კომპანიას აქვს როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური ტურები და ერთ პერსონაზე მოგზაურობის ფასი 2000-დან 3500 ლარამდე მერყეობს.
„გვაქვს როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური 5, 10-დღიანი ტურები. გააჩნია მოთხოვნას, საექსკურსიო უნდათ, თუ მხოლოდ სასტუმრო და ბილეთი. ამის მიხედვით ფასებიც ცვალებადია.
მინიმუმ 1-კვირიანი მაინც უნდა იყოს ტური, რომ საექსკურსიო პაკეტში შემავალი სანახაობებიდან მნიშვნელოვანების ნახვა მოასწრონ. გვაქვს ტურები 6-7 ღამიდან ზევით. როცა ჯგუფური ტური გვაქვს, ვცდილობთ, რომ 10 ღამე მაინც იყოს და ბევრი ქალაქები შევიყვანოთ ტურში. რადგან ფრენა ხანგრძლივია და ინდივიდუალური ტურის შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ერთკვირიანი მაინც გამოვიდეს ტური. ფასებს რაც შეეხება, ინდივიდუალური ტურის შემთხვევაში 2000-2500 ლარიდან იწყება, ჯგუფურის – 3000-3500 ლარია, მაგრამ აქ ყველა მომსახურება შედის ტრანსფერიანად და ექსკურსიებიანად“, – აცხადებს ნათია იმესაშვილი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით 20%-ით მაინცაა მოთხოვნა გაზრდილი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან 2-3 თვე დასჭირდება, რომ ახალი მიმართულება დასტაბილურდეს და მერე მომხმარებელიც მეტი ეყოლებათ.
„ზოგადად, ნებისმიერ ახალ მიმართულებაზე უვიზო მიმოსვლის დაწესება კარგია ჩვენთვის იმიტომ, რომ გაყიდვები და მოთხოვნა მატულობს. რადგან სადაც მარტივდება სავიზო პროცედურა, ყველა მიმართულება პოპულარული ხდება“, – ამბობს ნათია იმესაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ