“NicoNico ნიკო ნიკოლაძის პატივსაცემად დავარქვი” – “ტენეს” დამფუძნებელი ელექტრო ველოსკუტერის შექმნას გეგმავს

კომპანია “ტენეს” დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი პირველი ქართული ელექტრო ველოსკუტერის NicoNico-ს შექმნას აანონსებს.
“სკუტერს ექნება პედლები და მის სამართავად არ დაგჭირდებათ მართვის მოწმობა”, – აცხადებს სანდრო ლილუაშვილი.
მისი თქმით ველოელექტრო სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე იქნება 50-60 კმ საათში, თუმცა მართვის მოწმობის არმქონეთათვის იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.
როგორც “ტენეში” აცხადებენ, ველოსკუტერის ერთ დამუხტვაზე მაქსიმალური გამავლობა დამოკიდებული იქნება სკუტერის მოდიფიკაციაზე და იმერყევებს 60-დან 250 კილომეტრამდე. მათივე თქმით, სკუტერის ელემენტი იქნება პორტატული და მის დატენვას მომხმარებელი სახლშიც შეძლებს, ხოლო დატენვის დრო 7 საათს არ გადააჭარბებს.
“საწარმოს მშენებლობა საბანკო კრედიტის; აწარმოე საქართველოს, ევროკავშირისა და USAID-ის გრანტების დახმარებით იგეგმება. მოლაპარაკება გვაქვს ასევე ჩინელ პარტნიორთან ინვესტიციის ჩადებასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კომპანიაში.
საწარმოს მშენებლობა 2027 წელს დასრულდება. მანამდე კი იგეგმება ელექტრო ველოსკუტერის საცდელი ვერსიების ჩინეთიდან იმპორტირება.
“ჩვენი მიზანია სკუტერი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამიტომ შევარჩიეთ მაქსიმალურად ბიუჯეტური მოდიფიკაციები და ამ გზით საბაზისო მოდელის გასაყიდმა ფასმა მხოლოდ 3900 ლარი შეადგინა! თავისთავად ელექტრო ველოსკუტერზე იმოქმედებს ჩვენი გარანტია და გვექნება ჩვენივე სერვისი. სახელი “ნიკონიკო” კი ნიკო ნიკოლაძის პატივსაცემად დავარქვი, რადგანაც სწორედ ის იყო უდიდესი ქართველი ინოვატორი, რომელმაც ევროპიდან პირველმა შემოიყვანა ველოსიპედი და დანერგა სხვა უამრავი ინოვაცია, თუმცა მისი პიროვნების სიდიდე არასდროს ყოფილა სათანადოდ დაფასებული და ვგეგმავ ეს შეცდომა გამოვასწორო”, – აცხადებს სანდრო ლილუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა