ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ქართველმა ხალხმა არჩევნებში მონაწილეობით საკუთარი აზრის გამოთქმა შეძლოს და ეს არჩევნები დემოკრატიული უნდა იყოს , – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ The Foreign Desk-თან ინტერვიუში განაცხადა.
მარგუს ცაჰკნამ ლიეტუველ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად თბილისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლის გადაწყვეტილების მიღების შესახებ ისაუბრა.
„ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილების იმპულსი იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ჩვენ ყველანი ვმონაწილეობდით, სპიკერი გამოვიდა და პრესკონფერენცია გამართა და საჯაროდ მოიტყუა, რომ ყველანი შევთანხმდით, იმის შესახებ, რაც საქართველომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. და ეს, ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში მართლაც ახალი პრაქტიკაა, როცა ხვდები უმაღლესი დონის პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად პარტიაშია და ის გამოდის და ყველა პოზიციის შესახებ საჯაროდ იტყუება, რაც სრულიად საპირისპირო იყო. შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხმის გაგონება იყო საჭირო და, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გავიგეთ, რომ საქართველოს მთავრობა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გზაზე ნამდვილად მიდის და ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი. მაგრამ ჩვენი გზავნილი რეალურად იგივე იყო, რასაც საქართველოს მთავრობა მთელი ამ ხნის განმავლობაში საჯაროდ ამბობს, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია და ჩვენ საქართველოს მთავრობას თავს არ დავესხით, რადგან ჩვენი საქმე არ არის იმის თქმა, თუ რას აკეთებს მთავრობა, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირი ქართველ ხალხთან ერთად არის. შემდგომშიც, არაერთხელ მოვისმინეთ ნარატივი, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს და მათი ქმედებები ერთმანეთს არ ემთხვევა და თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც უბრალო პოლიტიკოსი არ არის, მას მრავალი პასუხისმგებლობა აქვს, ოთხი თანამოაზრე ქვეყნის სახელით იტყუება, ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ხმა მკაფიო იყოს და გზავნილი გადმოვცეთ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სხვა მიმართულებით მიდის.
„ჩვენ ყველანი 20 წელზე მეტია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ. მას მხარს სხვადასხვა პროექტებით ვუჭერთ, ფინანსური, საგანმანათლებლო და სხვა. ამის შესახებ ევროპაშიც და ნატოშიც საქართველოს ძალიან ხმამაღალი ადვოკატები ვართ და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის ნება კვლავ არსებობს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტი ნამდვილად უჭერს მხარს ამ გზას და შემდეგ ხელისუფლება არა მხოლოდ სხვა მიმართულებით მიდის, არამედ რეალურად გვატყუებენ ჩვენ და ევროკავშირს და არ ასრულებენ იმ დაპირებებს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ასევე, ამ გზის მხარდასაჭერად ბევრი სესხი გვაქვს გაცემული და მაშინ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. გზავნილი ახლა ნათელია, რადგან ჩვენი ვიზიტის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ნიღბები ჩამოხსნილია, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციის, ასევე, საქართველოს მთავრობისა და მაღალი რანგის პოლიტიკოსების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს ევროპისთვისაც გამოღვიძების ზარია, რათა ქართველ ხალხს ავუხსნათ, რომ მზად ვართ მათი მიღებისთვის, თუ ისინი ევროკავშირისკენ გზაზე ცხრა ნაბიჯს მიჰყვებიან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება სხვა გზას დაადგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ქართველმა ხალხმა არჩევნებში მონაწილეობით საკუთარი აზრის გამოთქმა შეძლოს და ეს არჩევნები დემოკრატიული უნდა იყოს“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.