როგორია საქართველოს შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში და რაში უსწრებს/ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სხვა ქვეყნებს?

PMCG-ის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს კვლევას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს და ევროკავშირის კანდიდატების, მოლდოვასა და უკრაინის შედეგების შესახებ.
PMCG-ის კვლევაში განხილულია თუ როგორი ვითარებაა საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სხვა ქვეყნებთან, სა და მოლდოვასთან შედარებით, რათა წარმოაჩინოს მისი მდგომარეობა ევროინტეგრაციის კუთხით. ასევე, რამდენიმე ძირითად ინდექსსა და საერთაშორისო რეიტინგებზე დაყრდნობით, პუბლიკაცია აფასებს თუ როგორი მდგომარეობაა ზემოხსენებულ სამ ქვეყანაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით.
კვლევა მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებას საქართველოში დემოკრატიის, კორუფციის, სოციალური, ეკონომიკური და სახელმწიფო მმართველობითი მიმართულებებით.
აღნიშნულ რეიტინგებსა და ინდიკატორებში უმეტესწილად საქართველოს პოზიცია ჩამორჩება EU-ს ქვეყნების შედეგებს, თუმცა უსწრებს მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებს.
2022 წელს მთავრობის ეფექტიანობის კუთხით საქართველომ ევროკავშირის 8 ქვეყანაზე მაღალი პოზიცია დაიკავა. მასზე გაცილებით დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ პოლონეთს (61.8), რუმინეთს (53.3) და ბულგარეთს (42.9). მთავრობის ეფექტიანობის შეფასება, რაც მსოფლიო ბანკის მმართველობითი ინდიკატორების თანახმად, საქართველოსთვის 100-დან 72.1 ქულას შეადგენს, მაშინ როდესაც მოლდოვას 40.6 ქულა, ხოლო უკრაინას 33 ქულა აქვს, ხოლო EU-ს საშუალო 79-ია.
ამავე ინდექსში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით საქართველოს 100-დან 72.2 ქულა აქვს, მოლდოვას შეფასებაა 42.9 ქულა, ხოლო უკრაინის 29.2 ქულა.
Heritage Foundation-ის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 100-დან 68.4 ქულა აქვს, შედარებისთვის მოლდოვას პოზიცია 57.1 ქულაა, ხოლო უკრაინის, რომელიც ბოლოს 2022 წლის შეფასებას ასახავს ეს მაჩვენებელი 54.1 ქულაა.
2023 წლის დემოკრატიის ინდექსში კი უკვე განსხვავებული ვითარებაა, რაც ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება. ინდექსში საქართველოს 10-დან 5.2 ქულა აქვს მინიჭებული, მაშინ როდესაც მოლდოვაში ის 6.2 ქულაა, ხოლო უკრაინაში 5.1 ქულა. 2023 წელს საქართველოს ამ კატეგორიებიდან ყველაზე ცუდი შედეგი მთავრობის ფუნქციონირებისა (3.6/10) და პოლიტიკური კულტურის (3.8/10) ინდიკატორებში ჰქონდა, ხოლო ყველაზე კარგი- საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში (ორივეში 7/10).
2023 წელს, სოციალური ინდექსის კუთხით, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას ჩამორჩებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 2019-დან 2023 წლამდე, უკრაინის პოზიცია საერთაშორისო რეიტინგში არ შეცვლილა, ხოლო მოლდოვის პოზიცია 12, საქართველოსი კი 2 ადგილით ჩამოქვეითდა. ინდიკატორების მიხედვით, 2023 წელს საქართველომ ყველაზე კარგი პოზიცია საბაზისო განათლების ინდიკატორში (22-ე ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი ინკლუზიური საზოგადოებისა (118-ე ადგილი) და არჩევანის თავისუფლების ინდიკატორებში (103-ე ადგილი) დაიკავა.
„ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე საყურადღებო განსხვავება საქართველოს მაჩვენებელსა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს შორის დემოკრატიის მხრივაა. დღესდღეობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, საქართველოში დემოკრატია საფრთხის წინაშეა და ზემოხსენებული საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.