დავით ბაქრაძის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ – სომხეთმა, არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს სა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ – სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა.
ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ.
„ეს არის რეზოლუცია, რომელსაც წლიდან წლამდე წარადგენს საქართველო. საქართველოს ხელისუფლების წარმატება არაღიარების პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდაში ვლინდება. მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, პრიორიტეტია. ეს კენჭისყრა არის დასტური, რომ მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია დევნილ საზოგადოებაზე ზრუნვა და განხილვების დროს არაერთი დელეგაციის მიერ იქნა აღნიშნული, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიამრთ. ამ თვალსაზრისით მხარდამჭერ ქვეყანათა რიცხვის ზრდა არის სწორედ წარმატებული პოლიტიკის სიგნალი.
თუმცა თავისთავად ზრდა სამი ახალი მხარდამჭერით, არ გამოხატავს იმ მნიშვნელობას რომელიც წელს ჩატარებულ კენჭისყრას ჰქონდა, რადგან ხარისხობრივად ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოები გახდნენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მხარდამჭერები. ეს არის სამხრეთ აფრიკა, არგენტინა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ორი თვის წინ ჩატარებული ვიზიტი ლათინურ ამერიკაში ძალიან წარმატებული გამოდგა, მათ შორის არგენტინის ხელისუფლებასთან განხორციელებული კონსულტაციებისას; ასევე, სომხეთი, რომელიც ჩვენი მეზობელია, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და ახლა უკვე მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდა იმ სახელმწიფოთა რაოდენობა, რომლებიც წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ეს კვლავ ერთნიშნა რიცხვით გამოიხატება. შემცირებულია ასევე თავშეკავებათა რიცხვი, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოები უფრო მეტად ხედავენ საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის მნიშვნელობას და ჩვენ მომავალ წლებში კიდევ უფრო მტკიცე მხარდაჭერას უნდა მოველოდეთ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.