„ოფშორების კანონი“ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა

დღეიდან, 4 ივნისიდან, ე.წ. ოფშორების კანონი ამოქმედდა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, დოკუმენტს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
ე.წ. ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 29 მაისს განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების პირვანდელი რედაქცია დაამტკიცეს 83 ხმით ერთის წინააღმდეგ და ამით პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს.
ახალი კანონით, უცხოური საწარმოს ყველა აქტივის (მათ შორის, წილის/აქციის) საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, კომპანია საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კანონი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ოფშორებში 20 კომპანიას ფლობდა, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2021 წელს მომზადებული კვლევა. ოპოზიცია და ანალიტიკოსების ნაწილი ასევე შიშობენ, რომ ოფშორული კომპანიებისთვის გაუქმებული გადასახადებით „ფულის გათეთრების” რისკი იზრდება.
პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო 3 მაისს დაადო. იგი თავის მოტივირებულ შენიშვნებში წერდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია, არ შეიძლება მიღებულიყო დაჩქარებული წესით, განხილვისთვის სათანადო დროის დათმობისა და საზოგადოების ჩართულობის ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ