ფილიპინებში კანლაონის მთასთან ახლოს მცხოვრები ასობით ადამიანისთვის, ვულკანის ამოფრქვევის გამო, ევაკუაციის ბრძანება გამოცხადდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ცაში ხუთ კილომეტრამდე სიგრძის ფერფლის სვეტი გაჩნდა. ფილიპინების სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 60-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, რამაც 5 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა (Phivolcs) განაცხადა, რომ კანლაონის ვულკანი 6 წუთის განმავლობაში იფრქვეოდა, რამაც ძლიერი მიწისძვრა გამოიწვია. სააგენტომ გაფრთხილება გამოსცა, რომ ვულკანური ფერფლი და გოგირდის სუნი მიმდებარე სოფლებზე იმოქმედებდა.
სააგენტოს თანახმად, 24 საათის განმავლობაში ორმოცდასამი ვულკანური მიწისძვრა დაფიქსირდა.
კანლაონის მთა, რომელიც კუნძულ ნეგროსზე მდებარეობს ქვეყნის 24 სეისმურად აქტიური ვულკანიდან ერთ-ერთია.