I კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა ₾48.9 მლრდ-მდე გაიზარდა – საქსტატი

I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. იანვარ-მარტში, მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6%-ით მეტია.
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.7%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა – 8.5%-იანი წილით, მშენებლობა – 5.4%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.4%-იანი წილით, ხოლო 13% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამმუშავებელი მრეწველობა (21%) და ვაჭრობა (18.3%), შემდეგ მოდის მშენებლობა (16.7%) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9%), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 35.2%-იანი წილი უჭირავს.
აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3% – საშუალოზე, ხოლო 16.4% – მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8%, საშუალოზე – 24%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 28.2%.
2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 16 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით მეტი) შეადგინა.
ამავე პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5% ქალია, ხოლო 56.5% – კაცი.

ასევე დაგაინტერესებთ