“ოცნება” ახალი კანონით ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს 4 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობა დააინიციირებს კანონპროექტს, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.
ეს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელებაა, რომლითაც „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ “ლგბტ პროპაგანდას” ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს ასევე აწესებს ცენზურას. მმართველ პარტიას საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციის შესაცვლელად საკმარისი მანდატები (3/4) არ აქვს, ამიტომ პაპუაშვილი ამბობს, რომ მასთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებსაც აინიციირებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მოიცავს ერთ ძირითად და 18 გამომდინარე კანონპროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, მათ შორის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსსა და ა.შ.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი 8 მიმართულებას მოიცავს მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თითქოსდა არსებობს რაიმე დისკუსია ქორწინების ალტერნატიული ფორმების შემოღების შესახებ, რის გამოც კანონპროექტით დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება — ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და კაცს შორის.
მისი თქმით, ასევე აეკრძალებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა მათ, ვინც თავს საკუთარი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები. პაპუაშვილის თქმით, მათ შორის მარტოხელა პირებსაც:
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასევე აიკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია ან რაიმე სახის სხვა სამედიცინო მანიპულაცია და აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ საბუთში ადამიანისთვის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება:
„კერძოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“ — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მაუწყებლებს კი აეკრძალებათ ლგბტ ადამიანების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ეთერში გაშვება:
„ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის წახალისებისკენ.
ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ მოხდეს ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა,“ — აცხადებს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხს და კრძალავს საჯარო შეკრებას ან მანიფესტაციას, რომელიც მისი თქმით, მიმართულია „ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“:
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლებრივ დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულებებში ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული „ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ“.
გამოსვლის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გარდა ამ პუნქტებისა, კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის კოდექსში 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ დაწესებას და უქმედ გამოცხადებასაც.
ამ თემაზე წაიკითხეთ: სიმართლე ე.წ. ლგბტ პროპაგანდაზე

ასევე დაგაინტერესებთ