„11 ივნისს ახალგაზრდებს შევხვდები და მათ კითხვებს ვუპასუხებ“ – სალომე ზურაბიშვილი

1 კვირაში, 11 ივნისს, რვა საათზე ახალგაზრდებს შევხვდები და მათ კითხვებს ვუპასუხებ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდების პროტესტის ფონზე საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ფოკუსშია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რუკაზე ბევრი უფრო დიდი მასშტაბის კრიზისი არსებობს.
ასევე, პრეზიდენტის თქმით, ემიგრანტები და ახალგაზრდები ერთად, მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომლებიც აქამდე არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა და ქარტიის მოვალეობაა, არაფერი გააკეთოს ისეთი, რაც ამ ხალხს იმედს დაუკარგავს.

„იმ 4-5 თვეში, რაც არჩევნებამდე გვაშორებს, ახალგაზრდებზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ. 1 კვირაში, 11 ივნისს, 8 საათზე ახალგაზრდებს შევხვდები და მათ კითხვის ვუპასუხებ. საჭიროა, რომ უფრო კარგად ავუხსნა ის, რაშიც არ იყვნენ აქამდე ჩართული. მათთან კონსულტაციები არ ყოფილა. ისინი სულ სხვა რამით იყვნენ დაკავებულები და მათი როლი იმაში, რომ პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო, უმნიშვნელოვანესი და ბოლომდე დაუფასებელი იყო. ეს არის ის, რაც მიგვიყვანს არჩევნებამდე და რამაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გამოიწვია. ეს რომ არ ყოფილიყო, ნაკლები ინტერესი და ყურადღება იქნებოდა. ვიქნებოდით იზოლაციაში, რაც არ მოხდა და ერთგვარად ფოკუსში ვართ, დელეგაციები ჩამოდიან, იმის მიუხედავად, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ბევრი სხვა და უფრო დიდი მასშტაბის კრიზისი არსებობს.
დიასპორა და ახალგაზრდები ერთად მილიონ-ნახევარი ხმაა. ახლა თქვენ და ყველამ დაითვალეთ. პირველ რიგში, დაითვალონ იმათ, ვინც ამბობენ, რომ ვერ გავიმარჯვებთ, გააყალბებენ და ამის დაცვას როგორ შევძლებთ. ეს არის მილიონ-ნახევარი, რომელიც აქამდე, პრაქტიკულად, არ იღებდა მონაწილეობს არჩევნებში. ჩვენი მოვალეობა, არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რომ ამ ადამიანებს დავუკარგოთ ნდობა და იმედი, რომ ჩაიქნიონ ხელი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სხვა არაფერი, თორემ ისინი თვითონ მოიტანენ იმ გამარჯვებას, რასაც ევროპაში დაბრუნება ჰქვია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.