გაძლიერდა თუ დაზიანდა „რუსული კანონის“ მიღებით საინვესტიციო კლიმატი? – ვიცე-პრემიერის პასუხი

ფიქრობს თუ არა ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომ ამ კანონის მიღებით, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი გაძლიერდა და უფრო მიმზიდველი გახდა მაშინ, როდესაც ბიზნესის ნაწილი BMG-ისთან საჯარო და პირად საუბრებში, სხვადასხვა სექტორში პროექტების შეჩერების შესახებ საუბრობს და განმარტავენ, რომ ეს დასავლელი პარტნიორების მხრიდან კანონის მიღების გამო ხდება – ეს კითხვა ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს BM.GE-მ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა. მინისტრის პასუხი ასეთია „შეიძლება, არც გაძლიერდა და არც შესუსტდა“, მაგრამ შედეგები გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდება.
– საქართველოს საინვესტიციო კლიმატი არის საკმაოდ მიმზიდველი… ამ კანონით შეიძლება არც გაძლიერდა და არც შესუსტდა. ეს კანონი სულ სხვა რამეს ეხება და ვფიქრობ, საერთოდ არ არის კავშირში ინვესტიციებთან…
– მაშინ რატომ გამოხატავენ წუხილს ბიზნესმენები?
– ვფიქრობ, ყველაფერი დროში გამოჩნდება, ამიტომ დროს ნუ დავკარგავთ, მოდით, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, დაველოდოთ შედეგებს და მერე ვისაუბროთ.
– თუ შედეგად საინვესტიციო გარემო გაგვიფუჭდება, მერე რას ვაკეთებთ?
– მე მოგახსენეთ, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლები ვართ.
ვიცე-პრემიერს ჟურნალისტებმა კანონის მიღებითა და ამოქმედებით ქვეყნისთვის პოლიტიკურ შედეგებზეც ჰკითხეს, რაზედაც ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, რაც ქვეყნის ინტერესებისთვისაა კარგი.
„ჭარბობს ემოციები, ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით, ამოქმედების შემდეგ იმედი მაქვს, უფრო რაციონალური მიდგომა იქნება და თუ არსებობს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები, ამაზე იქნება მსჯელობა და არა უბრალოდ კანონის მიღება – არმიღებაზე მსჯელობა, რადგან კანონი უკვე მიღებულია. თითოეულ კანონს აღსრულების პერიოდში გარკვეული გამოცდა სჭირდება და ვფიქრობ, საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებთ, რაზედაც ვსაუბრობდით, რომ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ