ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ არ ვიყოყმანებთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მათი მხრიდან, საქართველოში ინდივიდუალური სანქციები “ჯერ” არ გამოცხადებულა, თუმცა “არ იყოყმანებენ”.
3 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ განიხილავს საპასუხო ქმედებებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაამტკიცა ე.წ. აგენტების კანონი.
“ჩვენ საკმაო შეშფოთება გამოვხატეთ იმის გამო, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაიყვანს. სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას უკეთებს და ახშობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს ის ქმედებებია, რაც ფუნდამენტურად ცვლის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვა და განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებას”, – განაცხადა მან.
ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა, ცდება თუ არა თბილისის მერი, , როდესაც ამბობს, რომ “არანაირი სანქციები არ იქნება”, – რაზეც მილერი ასე პასუხობს:
“ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა და ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. ამ საკითხზე მეტს არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არ ვიყოყმანებთ მათ [სანქციების] დაწესებაზე”.
ასევე, კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ ახსენა საქართველო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს, მილერმა თქვა, რომ ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა საქართველოსთან პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა, რომ რისკის ქვეშ არის ასობით მილიონი აშშ დოლარის დახმარება საქართველოსთვის, და ასევე გამოაცხადა სავიზო აკრძალვების პოლიტიკა.
“გქონდეთ მოლოდინი აშშ-ს ექნება რეაგირება ამაზე. ახლა ამას ასე დავტოვებ”, – ამბობს მილერი.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების დღეს, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ