უკვე ოფიციალურად – მბაპე “რეალის” ფეხბურთელია!

საფრანგეთის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი კილიან მბაპე “რეალში” გადავიდა, – იტყობინება მადრიდული კლუბის საიტი, რომელსაც შემომსვლელთა განუსაზღვრელი რაოდენობის გამო ტექნიკური პრობლემა შეექმნა და დროებით მუშაობა შეწყვიტა.
თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფმა მბაპემ “რეალთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “რეალში” გადაბარგებას გასულ წელს აპირებდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და პსჟ-ში დარჩა.
მბაპე 308 მატჩში გატანილი 256 გოლით პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და აგრეთვე მის ანგარიშზე 108 საგოლე გადაცემაა.
იქამდე ის “მონაკოში” თამაშობდა, რომლის რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
. კილიანი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული თავისუფალი აგენტი იყო – 180 მილიონი ევრო.
. “რეალის” ყოფილმა მცველმა მარსელომ დაწერა: “ჩემპიონთა ლიგის მე-16 ტიტული ახლოვდება”.
. მეკარე ტიბო კურტუა მბაპეს მიესალმა: “კეთილი იყოს შენი მობრძანება მშობლიურ სახლში”.
თავად კილიანმა განაცხადა, რომ ოცნება აუხდა და ვერავინ გაიგებს, როგორ აღელვებულია.