„აგენტების კანონს“ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა

„დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პროცედურის მიხედვით, თუ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტი არ აწერს ხელს, ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში და ამ დროიდან შეიძენს სამართლებრივ სტატუსს.
იმის მიუხედავად, რომ კანონის მიღებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები კი ევროინტეგრაციის ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევენ, პარლამენტის თავმჯდომარემ მას „ყველაზე ქართული კანონი“ უწოდა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „აგენტების კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.
„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი ლოზუნგით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
ვეტოს დაძლევამდე ორი კვირით ადრე, 14 მაისს, როცა „აგენტების კანონი“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, საქართველოში იმყოფებოდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი. მან განაცხადა, რომ თუკი კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებს დააწესებს. შესაძლო სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სახის სანქციებზე ევროკავშირშიც ლაპარაკობენ.

ასევე დაგაინტერესებთ