„სახელმწიფოსთან დავაში არ შევალთ, მაგრამ დავიცავთ ჩვენს კანონიერ ინტერესებს,“ – ამის შესახებ გლდანის ტბის ტერიტორიის მესაკუთრის ნატალია კვანტალიანის იურისტმა, დავით მეზვრიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, განცხადებამ, რომელიც თბილისის მერმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა, მის მარწმუნებელს კითხვისნიშნები გაუჩინა. კახა კალაძემ თქვა, რომ გლდანის თეთრი ტბა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მერიამ, შესაძლოა ინვესტორს აღნიშნული ადგილი ჩამოართვას. „ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. ვერ დაველოდებით, რას იზამს ინვესტორი, ამ საკითხის მოკვლევას ეკონომიკურ სამინისტროსთან ერთად, აუცილებლად დავიწყებთ“, – განაცხადა კალაძემ.
იურისტის განმარტებით, ნატალია კვანტალიანის საკუთრებაში გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა და ტბა მის საკუთრებაში არ არის. ამასთან, როგორც იურისტი განმარტავს, ტბის მიმდებარე ტერიტორიის მხოლოდ, დაახლოებით, 30%-ია მისი რწმუნებულის საკუთრებაში, დანარჩენი 70% თვითმმართველი ერთეულისაა.
რაც შეეხება საკუთრების ჩამორთმევას, იურისტის განცხადებით, იგი კონსტიტუციური უფლებაა, „სახელმწიფოს პოზიცია კი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს“.
„უძრავი ქონება 17 მობინადრისგან არის შეძენილი და ხელშეკრულებაში, არანაირი დათქმა რაიმე სახის საინვესტიციო ვალდებულებებზე არ არის მითითებული. 2008 წლიდან ჩემი მარწმუნებელი არის მესაკუთრე და მიწის გადასახადს იხდის – ეს საკანონმდებლო ხარვეზია თუ კონკრეტული უწყებების არ ვიცი, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. საკანონმდებლო დონეზე, ანუ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია, რომ ეს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლება კონსტიტუციური უფლებაა და ამ უფლებაში დასაშვებობა არ ნიშნავს ამოვარდნას კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოდან რადგან, სახელმწიფოს პოზიცია უნდა იყოს მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი და არ უნდა იძლეოდეს თვითნებობისა და ნორმის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას, იქიდან გამომდინარე, რომ კერძო საკუთრება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთანაც არის დაკავშირებული და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილურობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ნატალია კვანტალიანის იურისტმა, დავით მეზვრიშვილმა.
იურისტის თქმით, წონასწორობა და ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესს შორის აუცილებელია, დაცული იყოს და ამ შემთხვევაში მესაკუთრე საკუთარ უფლებას დაიცავს.
„მზად ვართ კონსტრუქციული კომუნიკაციისთვის. არ ვართ იმ პოზიციაში რომ მაინც და მაინც სახელმწიფოს დავუპირისპირდეთ და მასთან დავაში გადავიდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი უფლების რეალიზებაზე უარი ვთქვათ.
თუ მერია მზადაა საკითხი შეისწავლოს, ჩვენ ჯერ-ჯერობით ველოდებით ამ საკითხის მოკვლევას და შემდეგ ალბათ მერიის შესაბამის სამსახურებთან გვექნება კომუნიკაცია და კონკრეტულ გადაწყვეტის გზებზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება თავად მესაკუთრე, ნატალია კვანტალიანის პოზიციას, იგი BMG-მ რამდენიმე კვირის წინ ჩაწერა. ინტერვიუს დროს მან თქვა, რომ მას სურდა ტერიტორია რეკრეაციულ, დასასვენებელ კომპლექსად გაეკეთებინა. “ძალიან სოლიდური ინვესტიცია მაქვს განხორციელებული, გავიყვანეთ და მოვაწესრიგეთ კომუნიკაციები”, – თქვა ნატალია კვანტალიანმა.
ბიზნესვუმენი გლდანის ტბის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 15 წლის განმავლობაში ტერიტორიაზე პროექტები ყოველგვარი ვალდებულების გარეშე განახორციელა და ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია.