„ისეთ ღონისძიებებზე ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც არ მეკუთვნოდა“ — ღარიბაშვილი

„თქვენ ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ“, — განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, ხომ არ ელის რომ სანქციები შეეხება მის ოჯახს და შვილსაც, რომელიც ფილადელფიაში სწავლობს.
ღარიბაშვილის თქმით, გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების მიუხედავად, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა დალაგებადია.
„ქართულმა ოცნებამ“ მოგიტანათ მათ შორის თქვენ უვიზო რეჟიმი. ეს არის ჩვენი დამსახურება და ეს უნდა დააფასოთ. თავისით არაფერი ხდება. არაფერი არ მოხდება. რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა, გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელშიც ვთანხმდებით, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპასთან. შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რომელზეც არ ვთანხმდებით. ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, საუბარი. ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, რატომ არ ჩანდა საჯაროდ რუსული კანონის მიღების შემდეგ და გაემგზავრა თუ არა ქვეყნიდან. არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას 26 მაისს, ასევე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 31 მაისს. პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მოწვეული, თუმცა „მან ვერ მოახერხა დასწრება“.
„ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა არ-გამოჩენაზე. ძალიან მარტივი ახსნა არსებობს. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, პროტოკოლის მიხედვით, ზოგადად რაც არის მიღებული ძალიან დიდი ხნის პრაქტიკა, მე ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც არ მეკუთვნოდა გამოჩენა. როცა მაქვს გასვლითი ღონისძიებები და ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ კითხვებს გავცე პასუხი. რაც შეიძლება კანონი, ნუ ინერვიულებთ, კანონი არის მიღებული. მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, — განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს დაასრულა რეგიონული ტურნე, რომლის ფარგლებშიც 10 რეგიონში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ