გამოცემა თაიმერი განცხადებას ავრცელებს:
საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო “თაიმერი” , წლებია, რაც ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს, არის დამოუკიდებელი, როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური გავლენებისაგან. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა, ემყარება თავისუფალი ჟურნალისტიკის პრინციპებს და მოწოდებულია ქვეყნის დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობის და პროდასავლური განვითარების განსამტკიცებლად.
გვინდა გაცნობოთ, რომ ბოლო ერთი თვეა, რაც ჩვენს სააგენტოზე, მის რედატორზე, ჟურნალისტებზე და მათი ოჯახის წევრებზე, ხორციელდება აგრესიული შეტევა, ზეწოლის, მუქარებისა და ლანძღვის შემცველი სატელეფონო ზარების მეშვეობით.
მსგავსი მოქმედებები, ჩვენი ჟურნალისტების მიმართ, წინა წლებშიც არაერთხელ ყოფილა, თუმცა, მუქარების ნიაღვარმა, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობს “თაიმერში” მომუშავე ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, არნახული მასშტაბები მიიღო, რასაც ჩვენ, ქვეყანაში რუსულ კანონად წოდებული ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენს პოზიციას ვუკავშირებთ, და რაც ჩვენს მუშაობას, სერიოზულად აფერხებს.
ვაცხადებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არერთხელ დაურეკეს და დაემუქრნენ ,,თაიმერის,, დირექტორს და მთავარ რედაქტორს, ბერდია კალანდიას – შემდეგი ნომრებიდან:
+995 596 058888
+995 596 061111
მუქარის შემცველი ზარები შემოდიოდა ბერდია კალანდიას მეუღლის და ქალიშვილის ტელეფონზეც, შემდეგი ნომრიდან:
+995 551 664499
ამავე ნომრიდან ურეკავდნენ ,,თაიმერის,, ჟურნალისტ აკო ქიქავასაც.
სატელეფონო მუქარა განახორციელეს, ემიგრაციაში მყოფ ,,თაიმერის,, ყოფილ ჟურნალისტზე, კახაბერ ადამიაზე, შემდეგი ნომრებიდან:
+229 40662898
+91 89239 70763
ჩვენ მკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ ზარების მიზანია, ხელი შეგვიშალონ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, დაგვაშინონ და ზეწოლა განახორციელონ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე.
ჩვენ სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ სატელეფონო ტერორის უკან, ხელისუფლებასთან დაახლოებული ძალები დგანან, მიუხედავად ამისა, მოვუწოდებთ ხელისუფლბას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ სასწრაფოდ გამოიძიონ სატელეფონო მუქარების ყველა ფაქტი, რათა მოგვეცეს ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის, ნორმალურ და მშვიდ გარემოში განხორციელების საშუალება.
მივმართავთ აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების, მათი ოჯახის წევრების, უფლებათა დარღვევის მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით.
საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერის,, რედაქცია