„სამხარაძის პოსტი არის პირდაპირი აღიარება“ – ვინ დგას სიძულვილის, მუქარისა და დაშინების კამპანიის უკან?

„ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ზიზღისა და სიძულვილის, ასევე მუქარისა და დაშინების კამპანიის უკან, რომელიც “რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე, სამოქალაქო სექტორისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის გაჩაღებული, მაღალი ალბათობით, ხელისუფლება დგას.
ვერ დავიჯერებ რომ ეს ხდება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დიტო სამხარაძის პოსტი კი არის პირდაპირი აღიარება, როგორ ცდილობს ხელისუფლება დააშინოს და გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ნაზი ჯანეზაშვილი, “სასამართლოს გუშაგი”
სამხარაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, თითქმის 10 წუთიანი ვიდეო, სადაც პარტიული ზონდერ ჯგუფები, ღამით, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე ღირსების შემლახველ და მუქარის წარწერებს ტოვებენ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ნიღბიან ზონდერებს ვიდეოში ხმა შეცვლილი აქვთ, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი იყოს.
„რაც ახლა ხდება საქართველოში, უბრალოდ წარმოუდგენელია, ვერ დავიჯერებ რომ ეს ხდება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე. დიტო სამხარაძის პოსტი კი არის პირდაპირი აღიარება, როგორ ცდილობს ხელისუფლება დააშინოს და გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში.
ვინც ამ ყველაფრის მხარდამჭერია, ყველა მათგანი ამ პროცესების თანამონაწილეც არის, მათ შორის ჩვენი ძველი მეგობრები, ნაცნობები და ყოფილი თანამშრომლებიც კი, რომლებიც სხვადასხვა სამსახურებიდან სიჩუმით თუ აქტიურობით ეხმარებიან “ოცნებას” – ამბობს „სასამართლო გუშაგის“ თავმჯდომარე ნაზი ჯანეზაშვილი, რომელსაც ზონდერები ოფისში მიუვარდნენ.
დეპუტატმა სამხარაძემ იმ მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სიაც გამოაქვეყნა, სადაც ზონდერებმა მუქარის შემცვლელი წარწერები დატოვეს.
სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! დიტო სამხარაძე, “ოცნების” დეპუტატი
„სასამართლო გუშაგის“ გარდა, სიაში არიან: საგამოძიები სტუდია „მონიტორი“, „მთის ამბები“, საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა, „ნაბიჯი“, „საფარი“, „ტალღა“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნები, „სირცხვილია“, „თბილისი პრაიდი“, „მწვანე სექტორი“, ლელო, გირჩი, დროა, “ახალი” და ნაცმოძრაობა.
„სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ…ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები…
უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!“ – ასე ემუქრება ოპონენტებს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სამხარაძე.
ღია მუქარის შემდეგ, მედია და არასამართავრობო ორგანიზაციებმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოფიციალურად მიმართეს, თუმცა მოხდება თუ არა სამხარაძის დასაკითხად დაბარება უცნობია, უწყებაში აცხადებენ, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“.
ჩემს დას დაურეკეს და დაემუქრნენ, თუ, მე არ “მივაყენებდი” საფრთხე დაემუქრებოდა ჩემს ქმარ-შვილს და მე უნდა მეფიქრა მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ეს იყო აშკარა მუქარა ქეთი თურაზაშვილი, ოპოზიციონერი დეპუტატი
პარალელურად გრძელდება, „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეებზე სატელეფონო მუქარა, დაფარული ნომრებიდან ურეკავენ და ღიად ემურებიან როგორც ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და აქტივისტებს, ისე მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. დღეს სატელეფონო მუქარის გამო, პროკურატურას პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქეთი თურაზაშვილმაც მიმართა.
„დაახლოებით, პირველის წუთები იყო, როცა ჩემს დას დაურეკეს და დაემუქრნენ, თუ მე არ “მივაყენებდი” საფრთხე დაემუქრებოდა ჩემს ქმარ-შვილს და მე უნდა მეფიქრა მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ეს იყო აშკარა მუქარა.
ჩემი შვილი, რომელიც დადის მოტოთი, სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, ყველანაირი დასაბუთების და პირადობის წარდგენის გარეშე გაჩხრიკეს, არც აუხსნეს, რატომ ჩხრეკდნენ. 10 მაისს, როდესაც მე და ჩემი ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად ვბრუნდებოდით, სახლთან დამხვდა პირბადიანებით სავსე მანქანა ყალბი სანომრე ნიშნით, შავი მერსედესის მარკის მანქანა“ – ამბობს დეპუტატი თურაზაშვილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უკვე აღიარა, რომ სატელეფონო ტერორისა და მუქარის გამოძიება არ შეუძლია, რადგან მასიურად ხდება ე.წ. Caller ID Spoofing, ანუ, იდენტიფიკაციის გაყალბების მეთოდი.

ასევე დაგაინტერესებთ