“ამ [რუსული] კანონით, პრობლემას უქმნი დასავლურ ფულს და არაფერს უშვები რუსულს” – ნიკოლოზ გოგოჭური

ტექნოლოგიური სტარტაპ “ნეიროპილოტის” დამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური, BMGDrive-ის ეთერში პარლამენტის მიერ “გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არასტაბილური ვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის მყარი არგუმენტების გაზიარება.
“სამწუხაროდ, მოსალოდნელი ამბავი მოხდა, არაერთი შანსი ჰქონდა პარლამენტს იმისთვის, რომ ერთი-ორი ნაბიჯით უკან წასულიყო და დაფიქრებულიყო იმაზე, რას აკეთებს, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ ვეტოს დაძლევდნენ იგივე 84 ხმით და ასეც მოხდა. რყევების დრო დადგა, ყველა მიმართულებით. გველოდება ისეთი პროცესები, რომლებიც არ იქნება სტაბილური, არასტაბილურობა კი არც ერთ ვარიანტში არ არის კარგი ჩვენთვის. ჩემი აზრია, რომ ზედაპირიდან ცოტა სიღრმეში უნდა ჩავყვინთოთ და არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას , რომ ილაპარაკოს იმაზე, თითქოს ჩვენ მარტო ლოზუნგებით ვლაპარაკობთ და არა – არგუმენტებით”, – ამბობს გოგოჭური.
იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტექსტში მსგავსი კანონის მიღება არასწორია, რადგან ის არ ჰგავს არც ერთ ქვეყანას, რომელშიც მიმსგავსებული კანონები მოქმედებს.
“მოსახლეობაშიც ძალიან ბუდობს ეგ ამბავი, მაინც გვეკითხებიან, რა გინდათ, რას აპროტესტებთ, სად წერია რომ ეს კანონი რუსულიაო – ბევრი კითხვები ისმის, მაგრამ, დავანებოთ თავი იმას, რუსულია კანონი თუ ფრანგული. ვისაუბროთ იმაზე, თუ ეს კანონი რა კონტექსტში და გარემოშია მიღებული. კანონის შეფასება კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს აუცილებლად. ჩვენი ქვეყანა არ ჰგავს, არც თავისი მოწყობით, არც თავისი ვერტიკალური მართვით, იმ ქვეყნებს, რომლმებიც ხელისუფლებას მაგალითად მოჰყავთ ხოლმე, იქ სხვა წყობაა, სხვა სასამართლო სისტემაა”, – ამბობს სტარტაპერი.
გოგოჭური მიიჩნევს, რომ კანონი მხოლოდ დასავლურ დაფინანსებაზე გავრცელდება და ვერ შეზღუდავს რუსულ ფულს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანაში ყველაზე გაუმჭვირვალეა.
“პროცენტულად ბევრად უფრო გაუმჭვირვალე რუსული ფულია, რომელიც საქართველოში იხარჯება, იმიტომ რომ ს ფედერაცია ღიად არაფერს უჭერს მხარს საქართველოში. ჩვენ არ ვიცით, საიდან შემოდის [ეს ფული], თორემ მთავრობამ ძალიან კარგად იცის, და თუ არ იცის, ეს კანონი მაგას არ უშველის.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს კანონი არ შეეხება რუსულ ფულს, ეს კანონი შეეხება მთელ დანარჩენს ფულს. დასავლეთიდან შემოსული ფულის უმეტესი ნაწილი კი მუდმივად გამჭვირვალეა, როგორც მოსახლეობისთვის, მთავრობისთვის კიდევ უფრო მეტად. ანუ, კანონით პრობლემას უქმნი დასავლურ ფულს და არაფერს უშვები რუსულს”, – ამბობს ნიკოლოზ გოგოჭური.
“ნეიროპილოტის” დამფუძნებელი აცხადებს, რომ კანონის მიღებით ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა მარტივდება, რაც ნებისმიერ მხარეს შეუძლია, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
“ძალიან ადვილდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა, ამიტომ არის კანონი ცუდი და არა იმიტომ, რომ რუსულია, ფრანგულია თუ გერმანული. ჩვენს კონტექსტში ის ქმნის პოტენციურ პრობლემებს, რომლებითაც ვინმე აუცილებლად ისარგებლებს. ჩვენ თუ იმის გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ქვეყნის ნაწილი აქვს ოკუპირებული, საშუალება ექნება დესტაბილიზაციის შემოტანის და ამას არ იზამს, წარმოუდგენელია”, – აცხადებს ნიკოლოზ გოგოჭური.