თელავის მერმა მოახსნევინა ბანერი: „პარკის რეაბილიტაცია დააფინანსა ევროკავშირმა – არა რუსულ მთავრობას!“

სამოქალაქო პლატფორმა „თავისუფლების მოედნის“ წევრებმა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე, დასასვენებელი პარკის გახსნის ღონისძიებაზე ბანერი დადგეს, რომელზეც ეწერა: „პარკის რეაბილიტაცია დააფინანსა ევროკავშირმა – არა რუსულ მთავრობას!“.
სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელმა არჩილ მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბანერმა თელავის მერის ლევან ანდრიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
„მივიდა და ბანერი მოგლიჯა. თავის თანამშრომლებს ეუბნებოდა, წაიღეთ აქედან, ამის ადგილი არ არისო… ჩვენ ბანერის გატანის საშუალება არ მივეცით, კვლავ ადგილზე დავაბრუნეთ და მთელი ღონისძიების განმავლობაში ვიცავდით. მაშინ როცა საქართველოში რუსული კანონი მიიღეს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ პარკების რეაბილიტაციასაც კი ევროკავშირი აფინანსებს“, – ამბობს არჩილ მჭედლიშვილი.
მისივე თქმით, ბანერის განთავსება, საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და ეს არ ყოფილა საპროტესტო აქცია.
„პარკი ისე გახსნეს, მერს არც კი უხსენებია, რომ პარკის მოსაწყობად თანხა ევროკავშირმა გამოყო. სწორედ ამის თქმა გვინდოდა ჩვენი ბანერით… ბოლო დროს თელავში ევროკავშირის დაფინანსებით კიდევ სამი პროექტი დასრულდა და მსგავსი ბანერები ყველგან განვათავსეთ, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ არცერთი ადგილზე არ იყო. ჩნდება ეჭვი, რომ ყველა ბანერი თელავის მერის დავალებით მოიპარეს“, – ამბობს არჩილ მჭედლიშვილი.
თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბანერი კი არ მოგლიჯა, არამედ ამოიღო და თანამშრომლებს გატანა სთხოვა.
„როდესაც აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ადამიანები მოდიან რაღაცა გაურკვეველი პოლიტიკური მესიჯებით, რა თქმა უნდა მიუღებელია… მიუღებელია, როცა ომის პარტია თავს გვახვევს თავის სულელურ ლოზუნგებს. მათ ბავშვების თანდასწრებით უნდათ გაურკვევლობის შემოტანა… ევროკავშირის ჩართულობას ჩვენ არ უგულებელვყოფთ, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს“ – თქვა მერმა ანდრიაშვილმა.
თელავში „მშვიდობის პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელი მიმდინარეობდა. პარკი 2 ჰექტარზეა განთავსებული და მშენებლობაზე 2 518 787 ლარი დაიხარჯა. თელავის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი ევროკავშირის ფულია, ნაწილი კი ქვეყნის ბიუჯეტის.