თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებმა პერფორმანსი – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“ მოაწყვეს

ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებმა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ, სლოგანით – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, პერფორმანსი მოაწყვეს.
კერძოდ, მწერლებმა და წიგნების გამომცემლობათა წარმომადგენლებმა ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ სცენაზე გაშალეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ბანერი წარწერით – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“.
შეკრებილებს სცენიდან მიმართა მწერალმა ტორესა მოსიმ და განაცხადა, რომ საქართველო არცერთი დიქტატორის მიმართ მორჩილებაში არ იქნება.
„ჩვენ არ ვემორჩილებით რუსულ კანონებს. არ დავემორჩილებით. ეს ქვეყანა არ იქნება მორჩილებაში, არცერთი დიქტატურის მიმართ. ძირს ყველა დიქტატორი! ძირს ყველა, ვინც შეეცდება ამ ქვეყანაში, თავისუფლების, თავისუფალი ქართველი მოქალაქეების დამორჩილებას!“,- განაცხადა ტორესა მოსიმ პერფორმანსის დროს.
გარდა ამისა, მან ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პერფორმანსი ემსახურებოდა იმის ჩვენებას, რომ „ქართული ლიტერატურა არის ერთიანი“.
„ეს იყო სპონტანური აქცია, რომელსაც თითქმის ერთსულოვნად შემოუერთდა ყველა, ადგილზე მყოფი: მწერალი, გამომცემელი თუ წიგნის გამავრცელებელი, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ამით ვაჩვენეთ, რომ ქართული ლიტერატურა არის ერთიანი. როგორც ყოველთვის, აქამდეც ვიყავით ერთიანი ამ ქვეყნის კრიტიკულ მომენტებში, ასევე ვრჩებით ერთიანები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ეს ერთიანობა არის ჩვენი გამარჯვების ფორმულა. სამწუხაროდ, აღარ ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც არჩევნების წინ ტრადიციული პოლიტიკური დებატი ან აზრთა ჭიდილია ხოლმე. დღეს ქვეყნისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ და ამაზე, სრულიად საზოგადოებას, ყველას ერთად უნდა გვქონდეს რეაგირება, ყველამ მივცეთ მხარი მხარს და მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. ჩვენ ნაცვლად ამას არავინ გააკეთებს. ამ ბრძოლაში უკვე დიდი ხანია ვართ. ამ ბრძოლაში იმ დღიდან ვართ, რაც კულტურის მინისტრად დანიშნულმა თეა წულუკიანმა ქართულ კულტურას ბრძოლა გამოუცხადა. ამას ვეწინააღმდეგებოდით, ვეწინააღმდეგებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ქართული კულტურის და სახელმწიფოს დასაცავად. ეს ფესტივალიც ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ეს არის 20 წელზე მეტი ისტორიის მქონე, ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ლიტერატურული მოვლენა – თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც კულტურის სამინისტრომ სრულიად სამარცხვინოდ შეუწყვიტა დაფინანსება. დღეს მას აფინანსებს ქართველი ერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეგობარი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე დიდი მხარდამჭერი, ამერიკის შეერთებული შტატები“,- განაცხადა ტორესა მოსიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!