ანაკლიის სანქცირებული ინვესტორი: რას ნიშნავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის სტრატეგიულ პროექტში ჩართვა

ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. შერჩეულ ფირმას, რომელიც -ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აშშ „პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს“, ვისთან დაიჭირონ საქმე, თუმცა დასძენს, რომ ჩინეთის კომპანიებთან საქმის დაჭერისას საჭიროა, „გაირკვეს პოტენციური ზემოქმედება კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე“.
„ჩინეთი დიდი ხანია, მსხვილ უცხოურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნატოს თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. მისი თქმითვე, შავი ზღვა ალიანსისთვის „სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონად რჩება“.
ექსპერტები ამბობენ, რომ ამ სიახლეს დამატებითი გავლენა აქვს საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე.
ეს არ არის კარგი ამბავი არც ევროკავშირისთვის, – მიუთითებენ ექსპერტები, – რადგან ანაკლიის პორტში ასეთი მნიშვნელოვანი წილის ფლობით, „შუა დერეფნის“ პროექტში, – რომელიც ევროპასა და ჩინეთს ალტერნატიული გზით აკავშირებს, – პეკინის როლი დომინანტური ხდება.
„ახალი ეპოქა“ – ანაკლიის პორტი
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში 2023 წლის ბოლოსთვის ორი კომპანია იყო დარჩენილი. მათ შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ:
· ერთი „შვეიცარიულ-ლუქსემბურგული“ კონსორციუმი იყო
· მეორე – „ჩინურ-სინგაპურული“ კონსორციუმი.
კონტრაქტის შესახებ არც ახლაა ბევრი რამ ცნობილი.
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჯერ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საბოლოოდ, წინადადება მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა წარადგინა.
კონსორციუმში, რომელთანაც საქართველო მთავრობა ანაკლიის პორტზე კონტრაქტს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გააფორმებს, შედიან:
· CCCC – „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited – რეგისტრირებული ჩინეთში)
· CHI – „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment – რეგისტრირებული სინგაპურში)
მართალია, CHI სინგაპურშია რეგისტრირებული, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. ამას ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს.
მინისტრ დავითაშვილის თქმით, კონსორციუმს, თავის მხრივ, ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს:
· CRBC – „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ (China Road and Bridge Corporation(;
· QPI – „ცინდაოს საერთაშორისო პორტი“ (Qingdao Port International).
ოთხივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.
მინისტრ დავითაშვილის თქმით, კონკურსიდან ევროპული კონსორციუმის გასვლის მიზეზი ის იყო, რომ „კომპანიისთვის სახელმწიფოს მხრიდან 51%-იანი ჩართულობა მისაღები არ გახლდათ და მას პროექტიდან უფრო მეტი ამონაგების მიღების მოლოდინი ჰქონდა“.
რადიო თავისუფლებამ სცადა შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ T.I.L Holding S.A-თან (Terminal Investment Limited Holding S.A.) დაკავშირება კითხვით, რა მიზეზით არ წარადგინეს ტენდერში საბოლოო წინადადება. კომპანიის პასუხს, მიღების შემთხვევაში, ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.
რა ვიცით კომპანიებზე – მოკლედ
კონსორციუმის ერთ-ერთი შემადგენელი ფირმა, CCCC, ჩინეთის ამბიციური პროექტის, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, – და, ამავე დროს, შეერთებულ შტატებს შავ სიაში ჰყავს შეყვანილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დესტრუქციული ქმედებების გამო.
მეორე კომპანია, CHE, დაკავშირებულია შრი-ლანკის სკანდალებით ცნობილ ჰამბანტოტას პორტთან, – პროექტთან, რომელიც ჩინეთის „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის კლასიკურ მაგალითად განიხილება.
ქვეკონტრაქტორებიდან ერთ-ერთი, CRBC, უკვე წლებია მუშაობს საქართველოში და ასობით მილიონი ლარის შეკვეთები აქვს განხორციელებული.
მეორე ქვეკონტრაქტორია QPI, რომელიც ჩინეთის ხუთ უმსხვილეს პორტს მართავს და 86 ნავმისადგომს ამუშავებს.
იხილეთ სრულად: radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ