კანონზე დასკვნა ჯერემი მაკბრაიდს არ დაუწერია – ODIHR-ის პასუხი “ოცნებას”

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში ს ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია.
როგორც ODIHR-ის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული.
“შეფასება მომზადდა ODIHR-ის შიდა ექსპერტების მიერ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვამონიტორინგებდით ამ კანონმდებლობას, რამაც მოგვცა საშუალება სწრაფად და აკურატულად მოგვემზადებინა სამართლებრივი ანალიზი. ODIHR-ის დამკვიდრებული პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, შეფასების გამოქვეყნებამდე ტექსტი განსახილველად გაეგზავნა ჩვენს გარე ექსპერტთა პანელს, რომელსაც შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხები ეხება, ასევე მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის უფროს მრჩეველს. ჩვენი [გარე] ექსპერტთა პანელი შედგება 14 აღიარებული საერთაშორისო ექსპერტისაგან, მათ შორის შედის ჯერემი მაკბრაიდიც, მაგრამ მოსაზრება არ დაუწერია არც მას და არც პანელის სხვა რომელიმე წევრს. არცერთ გარე ექსპერტთან ან კონსულტანტთან არ ყოფილა კონტრაქტი, რომ გაეწია კონტრიბუცია შეფასების შედგენაში”, – ნათქვამია ODIHR-ის წერილში ნეტგაზეთისადმი.
მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მიმართ ODIHR უაღრესად კრიტიკული სამართლებრივი ანალიზი გამოქვეყნდა, “ქართული ოცნების” არაერთმა წევრმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, დააყენა მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, განაცხადა რა, რომ ის სტრასბურგში სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის დაწერილია.
“ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოში ვიზიტისას ODIHR-ის დელეგაციამ დააფიქსირა კანონის მიღების აუცილებლობა, რეალურად კი სულ სხვა შინაარსის სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა.
ODIHR -ის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია:
“23 მაისს, საქართველოში ვიზიტისას ODIHR-ის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ ხაზი გაუსვა მის ღრმა შეშფოთებას ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა კანონი თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან. იმავდროულად მან დაადასტურა ODIHR-ის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს სამართლებრივ ანალიზსა და ექსპერტიზაში”, – ნათქვამია ODIHR-ის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.
ეუთო/ოდირმა რუსულ კანონზე გადაუდებელი დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ოდირმა შარშანაც დაწერა დასკვნა რუსულ კანონზე, რომელიც “ოცნება’ საბოლოოდ აღარ მიიღო. ოდირის გარდა კანონის გაუქმებისაკენ მმართველ გუნდს სხვა სამართლებრივი ანალიზებითაც მოუწოდეს ვენეციის კომისიამ და ევროსაბჭოს ექსპერტებმა.